ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, სოფო გაგოშიძე კიდევ ერთხელ პასუხობს თეა წულუკიანის ბრალდებებს, რომ მას “შტატს უნახავდნენ და ხელფასს უხდიდნენ” მაშინ, როცა ის საზღვარგარეთ სწავლობდა.
პირველ არხთან ინტერვიუში კულტურის მინისტრმა, რომელმაც მუზეუმიდან ათობით თანაშრომელი გაათავისუფლა, ხაზი გაუსვა, რომ სოფო გაგოშიძე იულონ გაგოშიძის შვილიშვილია, თავად იულონ გაგოშიძეს კი “საბჭოეთის მეცნიერი” უწოდა.
სოფო გაგოშიძე ამბობს:
“ქალბატონო კულტურის მინისტრო, უკვე მესამედ გაჟღერდა თქვენი და თქვენი გარემოცვის მხრიდან მითები ჩემი ამერიკაში სწავლის შესახებ. ჯერ ათქმევინეთ, რომ მუზეუმიდან ვარ გაგზავნილი სასწავლებლად, შემდეგ დოკუმენტში “გაგეპარათ” შეცდომა და დააწერინეთ, რომ მუზეუმიდან გაშვებულს ორი თვის ხელფასს ამინაზღაურებენ, დღეს კი ამაზე თავად ისაუბრეთ.
2018 წელს წამოვედი ამერიკაში ამერიკული დაფინანსებით და ვარ სადოქტორო პროგრამაზე შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და მუზეოლოგიის განხრით. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კი ამ პერიოდიდან შემიჩერა თანამშრომლის სტატუსი იმ მიზნით, რომ მიღებული განათლების შემდეგ ისევ იქ გავაგრძელებდი მუშაობას. სავარაუდოდ იფიქრეს, რომ მაღალი დონის განათლებამიღებული თანამშრომელი გამოადგებოდათ მომავალში. მეც ასე მოვიქცეოდი, რომელიმე დაწესებულებას რომ ვმართავდე და მის კარგ მომავალზე და განვითარებაზე ვფიქრობდე. ამერიკაში წამოსვლის შემდეგ მუზეუმში ხელფასი გამიუქმდა, ანუ 290 ლარი აღარ ამიღია მას შემდეგ და აღარ მოიტყუოთ, რომ ამ დაწესებულებას ტვირთად ვეკიდე.
არ ვიცი, რატომ არის ასეთი დაუჯერებელი, რომ მიყვარს ხელოვნების მუზეუმი და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ კვლავ ქვის ფონდში დაბრუნებას ვგეგმავდი. მაგრამ რადგან თქვენთვის ჩვენი სფერო უცხოა, აგიხსნით, რომ მუზეუმის თანამშრომლების უმრავლესობა შეყვარებულია თავის საქმეზე და ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობს. მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრები.
ისე, რა სასაცილოა, თეა წულუკიანი რომ იულონ გაგოშიძეს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრებაა საბჭოეთს ებრძვის. და რა სამწუხაროა, რომ დღესაც ამის გაკეთება უწევს.
კი ახსენეთ, რომ პაპაჩემი დიდი მეცნიერია, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებრივი აზრია და იქიდან იცით. ასე იცით მამაჩემზეც. ისინი ნამდვილად საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები არიან და ქართულ სამეცნიერო წრეში საუკეთესოთა შორის მოიაზრებიან. ძალიან ეცადეთ, რომ შეცდომა გეპოვნათ, მაგრამ ამაოდ და ამიტომ ერთი საბჭოთა კავშირთან, მეორე კი გელათის პრობლემასთან დააკავშირეთ (როგორც ჩანს, ჯერ არ გაგიგიათ ხელოვნების ისტორიკოსის მოვალეობა ძეგლის რესტავრაციაში რომ კვლევით და სარეკომენდაციო მითითებებით ამოიწურება და გელათის პრობლემის ხელოვნებათმცოდნეზე გადაბრალება აბსურდულია). ხელოვნების ისტორიკოსებზე უკეთ ვინ შეიძლება იცოდეს, როგორ მუშაობდა და მუშაობს პროპაგანდა.
ისე, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე ინფორმაციის შეგროვების ნაცვლად კულტურის მინისტრს რაც ევალება ის რომ გეკეთებინათ, კარგი იქნებოდა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. თუმცა, რადგან კულტურაში და ხელოვნებაში ვერ ერკვევით, გირჩევთ წიგნების კითხვით, კონკრეტულად კი დიმიტრი თუმანიშვილის „XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“ (2020) და ეკა კიკნაძის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრებით“ (2019) დაიწყოთ. ამით განათლებას მიიღებთ და იქნებ თქვენი თავიც ამოიცნოთ და დაფიქრდეთ, როგორ დაამახსოვრდებით ისტორიას.
მე ვამაყობ, რომ ვარ გაგოშიძე და ვარ გიორგის შვილი და იულონის შვილიშვილი. როგორ ფიქრობთ, თქვენი შთამომავლებიც ჩემნაირად იამაყებენ თქვენით?”. – აცხადებს სოფო გაგოშიძე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.
გარდა მუზეუმის თანამშრომლების დევნისა, თეა წულუკიანი მუზეუმის შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავს – 2021 წლის 22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, “შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს”.
ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს. მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.