გიორგი თარგამაძის OP-ED: მელია: მელა და ლომი?

ბრიუსლემა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და საქართველოს ოპოზიციის ლიდერისთვის გირაო გადაიხადა… ნიკა მელია თავისუფლია, თუმცა ეს სულაც არ ამარტივებს და შესაძლოა, ართულებდეს კიდეც მის ამოცანას: შეინარჩუნოს ერთიანობა პარტიის შიგნით და მჭირდო კოორდინაცია ოპოზიციურ სპექტრში,  პარტიის გარეთ საბოლოო მიზნის მისაღწევად.ნაცმოძრაობის ნაწილის აზრით: დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმური, მიშელის შეთანმხება კი ოპოზიციისთვის დამამცირებელია, რის გამოც პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს სრული ბოიკოტი უნდა გააგრძელოს. მეორე ნაწილი კი, რომელიც მელიას ახალ გუნდასაც მოიცავს, მიიჩნევს, რომ საპარლამენტო პლატფორმის გამუყენებლობა ივანიშილის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი შეცდომა იქნება. ამიტომაც ნაცმოძრაობამ, შესაძლოა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს, თუმცა პარლამენტში უნდა შევიდეს.

მელიას პირველადი ამოცანა ამ ჯგუფების განწყობებისა და ინტერესების იმგვარად დაბალანსებაა, რომ ნაცმოძრაობაში განხეთქილება არ მოხდეს. მან უნდა მოახერხოს, რომ პარტიის ყველა ჯგუფისთვის მისაღებ, გამაერთიანებელ წინამძღოლად დარჩეს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა კი პარტიის მიღმა, ოპოზიციური სპექტრის კოორდინაციის მინიმუმ მის დაპატიმრებამდე არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებაა, რაც ოპოზიციას პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ერთიანი ფრონტით განლაგებისა და ივანიშვილის პოლიტიკურ ძალასა, თუ ძალებზე მაქსიმალური უპირატესობის მოპოვების საშუალებას მისცემს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უბრალო ადგილობრივი არჩევნები კი არა – ფაქტობრივი რეფერენდუმია, რომლის შედეგზეც იქნება დამოკიდებული მივიღებთ თუ არა სრულად პროპორციულ საპარლმანეტო არჩევნებს, ანუ ახალ პოლიტიკურ სისტემას 2022 წელს, რამაც დიდი ალბათობით უნდა მოიტანოს კიდეც ხელისუფლების ცვლილება.

დღევანდელი გადასახედიდან, მილიარდერი, როგორც ჩანს გაშლის პრინციპით მოქმედებს და ოცნების, გახარაიას და ვასაძის საშუალებით შეეცდება საარჩევნო უბნებთან, საბოლოო ჯამში, მისდამი ლოიალური ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენება მიიყვანოს.

მისთვის უმნიშვნელოვანესია,  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ოცნება მიშელის 43-პროცენტიანი ბარიერის მიღმა დარჩება, ამ არჩევნებიდან გამარჯვებული გამოვიდეს, ანუ თბილისისა და დიდ ქალაქების მერების არჩევნები მოიგოს.

თუ ნაცმოძრაობა მხოლოდ საკუთარ თავში ჩაიკეტა, ის ვერც თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს და ვერც ივანიშვილის დასამარცხებლად ეყოფა  ელექტორალური რესურსი.

ამოცანის მისაღწევად საჭიროა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სრული სპექტრის მობილიზება, რაც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გამოინახება ფორმულა, რომელიც ამ ოპოზიციურ პარტიებს, ერთის მხრივ, პარტიული იდენტობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, მეორეს მხრივ კი გამარჯვებული პროექტის ნაწილად აქცევს.

ასევე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკაც. თუ პროპორციულ ნაწილში აუცილებელია ამომრჩევლისთვის მაქსიმალური მრავალფეროვნების შეთავაზება, მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში, იდეალური იქნება, თუ ოპოზიცია ისეთ ერთიან კანდიდატებზე შეთანმხდება, რომლებსაც პარტიული ელექტორატის მიღმა დამატებითი ხმების მოზიდვის პერსპექტივაც ექნებათ, თუმცა სადაც ასეთი შეთანხმება ვერ მოხერხდება, ოპოზიციის სრულმა სპექტრმა მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ოპოზიციურ კანდიდატს უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი.

უსამართლო და არასწორი იქნება, თუ ოპოზიციის კოორდინაციაზე პასუხისმგებლობას სრულად მელიასა და ნაცმოძრაობას დავაკისრებთ.

მიშელის დოკუმენტი უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც სახის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიზისი დამთავრდა, მითუმეტეს ივანიშილი უკვე დამარცხდა.

როგორც ითქვა – ეს მხოლოდ ზავია და არა გარღვევა. ძალაუფლება ჯერ ისევ არაფორმალური მმართველის ხელშია. მას არც ფინანსური, ადმინისტრაციული, სასამართლო, თუ მედია რესურსი დაკლებია და არც საპატრიარქოს ადმინისტრაციისა და იერარქების ნაწილის მხარდაჭერა დაუკარგავს. ამიტომაც, მთავარი ბრძოლა წინაა და თუ ამ ბრძოლაში კვლავ მილიარდელი გაიმარჯვებს, ეს არამხოლოდ ნაცმოძრაობის, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური მომავალის დასასრულიც იქნება, ამიტომ, მათი პასუხისმგებლობაცაა და რაც მთავარია სასიცოცხლო ინტერესი, რომ ოპოზიციური ერთიანობა და კოორდინაცია შენარჩუნდეს, რის გარეშეც ივანიშილის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია.

ოპოზიციამ უნდა გამოავლინოს გამბედაობა და თავგანწირვა, არ აცდეს სტრატეგიულ მიზანს და იყოს მაქსიმალურად მოქნილი, როდესაც ამის საჭიროება არსებობს. დღეს, თუ ვინმე ამ თვისებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეს ნიკა მელიაა.

დაბოლოს, როგორც მისი სეხნია ნიკოლო მაკიაველი ამბობდა, “იმისთვის რომ პოლიტიკურ ბრძოლაში გაიმარჯვო, საჭიროა, რომ ლომისა და მელას თვისებების ერთობლიობას ფლობდე. ვინაიდან  ლომს არ შუძლია თავი დაიცვას გველისგან,  ხოლო მელას მგლებისგან. ამიტომ, უნდა იყო მელა, რომ შენიშნო გველი და იყო ლომი, რომ დაიფრინო მგლები. აი, იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, პოლიტიკის ბევრი არაფერი ესმის”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share