რიში: მოხარული ვარ მელიას გათავისუფლებით, ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია შევა პარლამენტში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში twitter-ზე ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას ეხმაურება. სენატორის თქმით, ის მოხარულია შეთანხმების პირობის შესრულებით და იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ ყველა პარტია შევა პარლამენტში.

“მოხარული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებით და 2021 წლის აპრილის შეთანხმების პირობის შესრულებით. ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია საქართველოს პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს და ერთად იმუშავებს”. – წერს რიში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 10 მაისს მიიღო.  აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით.

ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. დოკუმენტის ტექსტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეიმუშავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: