პირს, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა, 8 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით, 17 ივლისს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია იმ პირზე, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.

“სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი – 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“, რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში.

ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ შეიცავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

***

ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელთაც თბილისის პრაიდის ჩატარების დღეს თავს დაესხნენ.

ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

ოჯახი, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.

ლაშქარავას ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა ამ დრომდე არ არიან დაკავებულები თავდასხმის ორგანიზატორები.

შსს-მ კი მაშინვე დაიწყო ვერსიის განვითარება, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა და ცდილობდა საზოგადოება ამაშინ სხვადასხვა ვიდეოების გავრცელებით დაერწმუნებინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share