რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი. მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და აღარ გადაიხედება.
“ჩვენ ვაანალიზებთ გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგებს. ეს არ არის საბოლოო რეზულტატი, მაგრამ ის რომ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დაადასტურეს უკრაინის არაბირთვული და ბლოკის გარეშე სტატუსის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ თავის უსაფრთხოებას არა ნატოს ფარგლებში უზრუნველყოფენ, ეს არსებითი პროგრესია. ისევე როგორც პროგრესად მივიჩნევ იმასაც, რომ უკრაინელებმა გაიგეს – დონბასის და ყირიმის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია”, – თქვა ლავროვმა.
მოლაპარაკების შედეგები მოიწონა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა – ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმაც.
“უკრაინამ გუშინდელ მოლაპარაკებებზე გამოხატა მზადყოფნა შეასრულოს ის პრინციპული მოთხოვნები, რასაც რუსეთი წლების მანძილზე აყენებდა. თუ ეს ვალდებულებები შესრულდება, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს პლაცდარმის შექმნის საფრთხე ლიკვიდირებული იქნება. თუმცა მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყირიმისა და დონბასის შესახებ უცვლელი რჩება”, – თქვა მან.
თავად პუტინს უკრაინის წინადადებებზე და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.