საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრების გარეშე ცნობით, 2020 წელს 50 ჟურნალისტი, პროფესიული საქმიანობის გამო, მოკლეს. უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენელთა მკვლელობის შემთხვევათა უმრავლესობა, 68%-ზე მეტი, მოხდა ქვეყნებში, სადაც სამხედრო კონფლიქტები არ მიმდინარეობს. 2016 წელს კი ჟურნალისტთა მკვლელობის 58% სამხედრო მოქმედებების ზონებში დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს რეპორტიორების სიკვდილის შემთხვევების მხოლოდ ერთი მესამედი მოხდა ქვეყნებში, სადაც სამხედრო კონფლიქტები ამ დრომდე მიმდინარეობს. მათივე თქმით, ასეთი ქვეყნებია: სირია, იემენი, ავღანეთი და ერაყი.
წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს დაღუპულ ჟურნალისტთა 84% განზრახ არის მოკლული. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 63%-ს შეადგენდა. რეპორტიორები საზღვრის გარეშე ცნობით, ზოგიერთი ჟურნალისტი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული.