ხალხს უნდა ვუთხრათ მეტი სიმართლე, რათა ავიცილოთ საქართველოს ომში ჩართვა – სუბარი

სოზარ სუბარი, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, ამბობს, რომ აუცილებელია, “ხალხს მეტი სიმართლე უთხრას, რათა არ მოხდეს საქართველოს ომში ჩართვა”.

ტვ პირველთან მან თქვა:

“რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. თქვენ მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, პირდაპირი მცდელობები იყო, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ, როგორიც არის ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობა. 

მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ჩვენი ომში ჩართვა, ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც, ხალხს უნდა ვუთხრათ უფრო მეტი სიმართლე”.

საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს დასავლელ პარტნიორებს – ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს, ასევე უკრაინის ხელისუფლებას და ქართულ ოპოზიციას ადანაშაულებდნენ.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნების ფრაქცია, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დღეს, 28 ივნისს დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

ინფორმაცია ამაზე თავდაპირველად ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გაავრცელა და მიზეზად “ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი” დაასახელა.

“მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს. 

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს”. – თქვა მდინარაძემ.

***

ეს მეორე შემთხვევაა, როცა დიმიტრი ხუნდაძე “ქართული ოცნების წინააღმდეგ წავიდა”. პირველად ის 2019 წელს დაჩი ბერაიასთან ერთად “აჯანყდა”. ის ფორმალურად იყო ინიციატორი იმ პროცესისა, როცა მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დაპირება უკან წაიღო და სრულად პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდო.

2022 წლის 10 ივნისს კი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ მიღებული რეზოლუცია იყო “ქართველი ხალხის შეურაცხყოფა” და რომ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. შესაბამისად, მისი განცხადებით, “თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”.

რაც შეეხება მდინარაძის მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ პარტიიდან წასული დეპუტატების აზრით, “ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს” – ევროპისთვის “ფარდის ახდაზე” რამდენჯერმე ილაპარაკა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

11 ივნისს მან თქვა, რომ საქართველო არაფერს “მათხოვრობს” და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის, ამიტომ, თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება “უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება”, ყველაფერს „ფარდას ახდის”.

17 ივნისს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ აპირებს, “ფარდა ახადოს” ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორებს. ამ დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ გასცემს რეკომენდაციას, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა. კომისიამ ჩამოთვალა მთელი რიგი პირობები, რაც საქართველოში კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.

მმართველმა პარტიამ დასახელებული “ევროპული პერსპექტივა” გამარჯვებად წარმოაჩინა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა: “ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ”.

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share