აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, “ტვ პირველის” მფლობელზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ამერიკაში ახალი ჩამოსული ვიყავი ქუჩაში კაცების ჩხუბს შევესწარი. ალბათ ასე 5 მეტრის დისტანციიდან უყვიროდნენ ერთმანეთს და ერთადერთ “F-სიტყვას” გაიძახოდნენ წარამარა. სხვა გინება არც აქვთ მგონი. ორივე ისეთი გაცეცხლებული იყო, მეგონა ყელში წვდებოდნენ, მაგრამ ვერბალური კამათით მოიოხეს გული და თავიანთ გზას გაუყვნენ.
მეუღლემ ამიხსნა მერე, ხელით შეხებაზე კანონი იმდენად მკაცრია, რომ თუ მართლა კრიმინალები არ არიან ძირითადად ასე ჩხუბობენ საყოფაცხოვრებო კამათისასო.
საჯარო მოსამსახურეებს კანონით სხვა რამეც ევალებათ – თმენის ვალდებულება.
შემაგინა და გავარტყი, არის უკიდურესად მდაბიო, ველური, გონებაშეზღუდული, ლაჩრული საქციელი. საკუთარი ემოციის, სხეულის, მოქმედების სრულყოფილად მართვაზე დიდი ვაჟკაცობა არ არსებობს. საჭირო დროს ძალადობის თავიდან ასაცილებლად თმენაზე დიდი ვაჟკაცობა ვერაფერი იქნება.
საკუთარი თავის ფლობაა ნამდვილი თავისიფლებაც და ვაჟკაცობაც.
შემაგინა და გავარტყი მამაკაცები ძალადობენ ქალებზეც. სწორედ ასეთი მამაკაცები არიან ლაჩრები ბუნებით.
“პატარა კაცები” არიან სინამდვილეში მოძალადეები. დაკომპლექსებული არარაობები…
ბავშვებო, თუ კითხულობთ ამას, იცოდეთ, თქვენს ღირსებაზე და ვაჟკაცობაზე, მოთმინებაზე და კრიტიკულ სიტუაციაში თავის სრულად ფლობაზე უკეთ ვერაფერი ისაუბრებს”, – წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე “ტვ პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მტკიცებით, მას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.
ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო და ყურში, ჩუმად რაღაც უკადრებელი აკადრა.