გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს პარაპლანი გუდაურში კლდეს შეეჯახა, დაშავებულების მოსაძებმად ადგილზე სამაშველო ბრიგადა გაფრინდა, თუმცა სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე იმყოფებოდა 8 ადამიანი, ყველა მათგანი დაიღუპა. ასევე დაიღუპა პარაპლანის მგზავრი, ხოლო მეორე მათგანი გადარჩა, თუმცა მძიმედაა დაშავებული.