გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიღუპა ყველა, ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდა და სამაშველო ოპერაციის განსახორციელებლად მიდიოდა. ვერტმფრენს 35-წლიანი გამოცდილების მქონე მფრინავი – ზაზა ლორია მართავდა.
როგორც მისი შვილი, ანი ლორია ყვება მამის პროფესიისადმი დამოკიდებულება ძლიან კარგი იყო.
“როგორც თვითონ ამბობდა, თუკი ამ პროფესიით „დაავადდი”, ძნელია განკურნება. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, 35 წელი ერთ საქმეს ემსახურო. ყოველთვის ედარდებოდა ავიაციის ბედი და საკუთარი შვილებივით ზრდიდა მომავალ თაობას. ამაყად წავალ, ჩემს შემდეგ ჩემი ბიჭები განაგრძობენ გზასო.
ბოლოს ტრაგედიის დილას ვისაუბრეთ, შვილიშვილებთან ერთად ისაუზმა და შევთანხმდით, რომ საღამოს აეროპორტში შევხვდებოდით. ბავშვებთან ერთად ვერტმფრენში ფოტოების გადაღება გვქონდა დაგეგმილი.
როგორც გვქონდა დაგეგმილი, საღამოს გავემზადეთ, დედასთან და ბავშვებთან ერთად აეროპორტის გზას დავადექით, რა დროსაც მობილურზე ატყდა განგაში, შეტყობინებები: „ხომ მშვიდობაა?” თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, შემდეგ ჩემი ძმის ზარი: „მამა სად არის?” ვუპასუხე, რომ ყაზბეგში გაფრინდა, მისი რეაქციით მივხვდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, გავხსენი სოციალური ქსელი და მას შემდეგ დღემდე ჭიდილში ვარ, ტვინი არ უშვებს იმ ფაქტს, რაც მოხდა”, – ამბობს ანი ლორია.
წყარო: “დაიჯესტი”