წიგნები, რომლებითაც ბავშვები სკოლაში ქართულად წერა-კითხვას სწავლობენ, სავსეა უინტერესო ტექსტებით, უხარისხო ილუსტრაციებით, პატარებისთვის გაუგებარი სიტყვებითა და სხვა ხარვეზით.
ო – ოდა, ტ – ტივი, დ – დაირა… აი, ასეთი სიტყვებით არის ახსნილი ქართული ანბანი თანამედროვე სახელმძღვანელოებში. როდესაც იაკობ გოგებაშვილს „დედა ენაში“ ეს სიტყვები შეჰქონდა, ოდებიც იდგა, დაირაც ყველა ოჯახში იდო და მდინარეებზეც ტივით დადიოდნენ. დღეს პირველკლასელს არათუ ტივი, შეიძლება მდინარეც არ ჰქონდეს ნანახი.
„სახელმძღვანელოები არ არის თანამედროვეობასთან ახლოს. „ცელი“, „ნამგალი“, „ძუა“ რომ გვხვდება ტექსტებში, ბავშვები კითხულობენ, ესენი რა არისო. ან „ჯაგანი“?! „ჯაგანი“ რა იყო, მეც არ ვიცოდი“, – ამბობს გიტა თვალაბეიშვილი, 168-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი.
მართალია, მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერი წიგნი გამოიყენოს, მაგრამ განათლების სამინისტროს გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტულია, რადგან ეროვნულ სასწავლო გეგმას ერგება. სკოლას უფლება აქვს, ხუთიოდე გრიფირებული წიგნიდან ნებისმიერი აირჩიოს, მაგრამ მასწავლებლები ამბობენ, რომ ასარჩევიც არაფერია.
„მერიდიანის“ მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „ქართული ანბანი და საკითხავი წიგნი“, მეტწილად გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით არის შედგენილი. შესაბამისად – მოთხრობები ძირითადად მე-19 საუკუნის სოფელსა და იქაურ ყოფას აღწერს. იგავები გლეხებზე, მეცხვარეზე და ცხვრის ფარაზე, მეზობლებზე, რომელთა ხბო და ცხენი ბოსტანს ანადგურებენ, ბერიკაცზე რომელიც ნერგებს ამყნობს, ჩოხაში გამოწყობილ მამაზე ხორბლის ყანაში… ამ წიგნში თითქმის არაფერი მიუთითებს დღევანდელობაზე.
იგივე შეიძლება ითქვას „საქართველოს მაცნეს“ მიერ გამოცემულ „ქართულ ენაზე“ და „დიოგენეს“ „მოსწავლის წიგნზე“ – ამ წიგნებში თანამედროვე ბავშვი თითქმის არ ჩანს.
ამ ასაკის ბავშვს წიგნში სიტყვებზე მეტად ნახატები იზიდავს, ამიტომაც ფერად ილუსტრაციებს წიგნებში ტექსტზე მეტი ადგილი ეთმობა, თუმცა სახელმძღვანელოები სავსეა უხარისხო ილუსტრაციებით, ზოგიერთი სასწავლო რვეული კი საერთოდ შავ-თეთრია. ამასთან ბევრი ნახატი არარეალისტურია. მაგალითად, იდეალური ოჯახი, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, და-ძმებით. ილუსტრაციები დიდად არც დამაჯერებელია და არც მიმზიდველი.
მასწავლებელი გიტა თვალაბიშვილი ჰყვება, რომ სახელმძღვანელოები მშრალია, დიდი ტექსტებით გადატვირთული.
„ზოგი ტექსტი მოსაბეზრებელია, მაგალითად, ანდაზაა და ის ტექსტთან უნდა დააკავშირო. ან ანდაზის მორალზე უნდა ისაუბრო. ასეთი რაღაცები საერთოდ არ ჯდება ამ ასაკობრივ კატეგორიაში. მაგრამ ზოგ ტექსტზე ძალიან ხალისობენ. ჯანი როდარის მოთხრობები და ვასო გულეურის ლექსი მასხრად აიგდო ზოგმა, არადა გაკვეთილზე ბავშვებმა ისინი უფრო გაიგეს და უფრო იხალისეს. ჯობს, ასეთი რამ მივაწოდოთ, ვიდრე პათეტიკური ტექსტები“, – ამბობს გიტა თვალაბეიშვილი.
„ნინო, რადიო მანდ არის?“- კითხულობს მამა, რომელმაც მაგიდაზე რადიო ვერ იპოვა.
„არა, ნოდარ“ – პასუხობს დედა და თეფშებს რეცხავს.
„მე ნიორი არ მინდა“ – ჭირვეულობს პატარა ბავშვი (ქართული სახელმძღვანელო პირველკლასელებისთვის, სულაკაურის გამომცემლობა).
ამ მოკლე დიალოგსაც კი უამრავი ხარვეზი აქვს. სმარტფონების ეპოქაში რადიო აღარავის უდევს მაგიდაზე. ბავშვმა ამ ასაკში ნიორი არც იცის რა არის. უფრო ლოგიკურია, ფაფა არ უნდოდეს ან კანფეტს ითხოვდეს. არც ის არის აუცილებელი, ოჯახში თეფშებს მაინცდამაინც დედა რეცხავდეს.
„მაგდა ბებოს სოფელში შვილიშვილები ესტუმრნენ. ბებო ბავშვებს თავს დასტრიალებდა: დილაობით ადრე დგებოდა და პატარებს გემრიელ საუზმეს ახვედრებდა. მერე შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს უვლიდა და საოჯახო საქმეებს აკეთებდა“ (ქართული სახელმძღვანელო პირველკლასელებისთვის, სულაკაურის გამომცემლობა).
ამ ტექსტს ერთი შეხედვით თითქოს არაფერი სჭირს, მაგრამ ის მაინც ხელოვნური და კლიშეებით სავსეა. სახელმძღვანელოების უმეტესობაში მსგავსი ტექსტებია. წიგნში ხშირად იყენებენ ლექსებს, რომლებსაც არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ აქვს, რითმა ბანალურია ან საერთოდ ბრუნვის ხარჯზეა წარმოქმნილი, მაგალითად: „სადად-ლამპად, ფარდად, წყნარად; ეზოში – შემოდის; სჭირდება-გაუჭირდება; ჩქარაო-შეეფარაო“.
„ტექსტები არ არის ადვილი მოსაძებნი, არც ადვილი დასაწერი, იმიტომ რომ ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებს. ზოგი შეიძლება ხელოვნური, ან ზედმეტად ბავშვური იყოს, თითქოს ენას უჩლექენო. ძალიან კარგი მასალებია გოგებაშვილის „ბუნების კარში“, მაგრამ ცხადია, რომ თანამედროვე ბავშვებს კიდევ სხვა ტექსტიც სჭირდებათ. საინტერესო უნდა იყოს, ნაცნობი და თან სიახლის შემცველი“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი.
თინათინ კუხიანიძე, რომელიც ერთ-ერთი ავტორია წიგნისა „ქართული სახელმძღვანელო პირველკლასელებისთვის“, ამბობს, რომ ეს კონკრეტული წიგნი მართლაც მოძველდა და ახლა ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობენ.
„წელს გრიფირება იქნება და ახალ სახელმძღვანელოს ვამზადებთ. არაფერს გამოვიყენებთ ძველი წიგნიდან არც ვიზუალს, არც მეთოდს. ლექსები, როგორც პოეზიის ნიმუშები, ისე არ შეგვიტანია, უბრალოდ გარითმული ამბავია, ლექსიკის შესასწავლად, სხვა რამე მხატვრული ღირებულება არ აქვს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. გენდერულ როლებსაც მაშინ ისე არ ვუყურებთ. ახლა უკვე მაგასაც ვუკვირდებით“, – ამბობს თინათინ კუხიანიძე, – ეს წიგნი 2005 წელს შეიქმნა. იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ. ისედაც სტანდარტი შეცვლილია და ეს წიგნებიც შეიცვლება“.