დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს
დიდ პარასკევს დღის 2 საათზე იესო ქრისტეს გარდამოხსნის მოსახსენებლად ტაძრებში ხდება გარდამოხსნის გადმოსვენება. ამ დღეს განსაკუთრებით მძიმეა მარხვა.
წირვა არ ტარდება, იკითხება 12 ვნების სახარება.
დიდ შაბათს დილაადრიან ხდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო. ამით გამოიხატება უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენება ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება ბასილი დიდის წირვა.
დიდი შაბათი – ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია მკაცრი მარხვა. ვინც საზიარებლად ემზადება, აღარ უნდა ჭამოს და არც დალიოს არაფერი საღამოს 8 საათის შემდეგ.
ასევე, ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ. ენდროში შეღებილი კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოს ადამიანმა არ აწყენს. გადმოცემით, ქრისტეს სისხლითაა გაჟღენთილი ენდროს ფესვები, რადგან ჯვარცმის ჯვრის ქვეშ ყოფილა იგი ამოსული.
წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს, რომელსაც ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. „ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა.
გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.