მედიკამენტების გაძვირებას რეაგულაციების გამკაცრებაც ვერ შველის. წამლები ბოლო პერიოდში რატომღაც გაძვირდა. თურქეთის შემთხვევაში, ამ პროცესს, სავარაუდოდ, განაპირობებს სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ცვლილება. გარკვეული მედიკამენტები დეფიციტურიც გახდა. ანალოგიური პრობლემაა არა მხოლოდ თურქულ წამლებთან დაკავშირებით, არამედ ევროპიდან შემოსულებზეც.
როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის.
,,გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავაშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთვნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების რეალიზაცია.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს, მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის.
მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი.
ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურების გაწევა“, – აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
სპეციალისტები ადასტურებენ, რომ წამლების გაძვირება და დეფიციტიც გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა, რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მომომხმარებელს გარკვეულწილად დაიცავს. როგორც ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპიკრატეს” დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე აღნიშნავს, პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს კვლევები და დაიდოს ანალიზი, თუ რა ხდება რეალურად ბაზარზე და რა გარემოებებს უკავშირდება წამლების გაძვირება, რომელიც მხოლოდ თურქულ მედიკამენტებს არ შეეხება, ანალოგიური პრობლემაა ევროპული და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მედიკამენტების შემთხვევაშიც.
,,წამლების ფასზე ზედა ზღვარი არსებობს და ეს ბაზარს და მომხმარებელს გარკვეულწილად იცავს. იმპორტის გაძვირება არის ძალიან ნეგატიური ფაქტი, მაგრამ დროებითია. რამდენადაც ვიცი, ფასების ზრდა შიდა პროცესებით არის გამოწვეული, კურსის ცვლილებამ ამ მხრივ დიდი გავლენა იქონია. წამლების დეფიციტიც არსებობს, განსაკუთრებით უფრო ფართო მოხმარების წამლებზე. ეს დეფიციტი რამ განაპირობა, ამას სჭირდება კვლევა.
არეულ-გაუგებარია ყველაფერი. თანაც დეფიციტთან დაკავშირებით გაუგებრობაა. ფარმაცევტულ ბაზარს სხვანაირი მართვა უნდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვერ მართავ, რეგულაცია უნდა იყოს მკაცრი და პარალელური მუშაობაც უნდა მიმდინარეობდეს ნებისმიერი პროცესის საპასუხოდ. როცა რეგულაცია ტარდება, კვლევა არის აუცილებელი. ვარაუდებით ვლაპარაკობთ, რასაც ვაკვირდებით, ექსპერტული ანალიზით, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს სერიოზული მოკვლევა. უამრავი თანხა იხარჯება და უნდა შეიკრიბონ ადამიანები, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ სიტუაციას. მით უმეტეს, დეფიციტურია ბევრი წამალი, გარკვეული მიმართულების მედიკამენტები, რაც აქამდე ძალიან კარგად შემოდიოდა”, – განაცხადა მარინა ბერაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.
როგორც ცნობილია, საქართველოს ბაზარზე მეზობელი ქვეყნიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. მას შემდეგ, აფთიაქებში ასეულობით დასახელების წამალი გაიაფდა, თუმცა პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდა.
ყოფილი დეპუტატი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში გაძვირების მიზეზი გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, თუმცა ამავე დროს, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რომელიმე კონკრეტული ფაქტი კარტელურ გარიგებას ხომ არ უკავშირდება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
,,წამლების გაძვირება თურქეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, მომწოდებლებიდან გამომდინარე პრობლემაა, რაზეც სექტორმა ინფორმაცია გაავრცელა. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გარემოებებმა იქონია გავლენა, ამაზე არგუმენტირებული საუბარი ჯერჯერობით ვერ მოვისმინე. ამიტომ სანამ საკითხის შესწავლა არ დასრულდება, შეფასება გამიჭირდება. ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რეგულაციის აღსრულებას არ შეექმნას რისკი. ეს საკითხი საგანგებოდ არის შესასწავლი, ყველაფერი გასარკვევია.
ბიზნესი არსებობს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს არაეთიკური გზით და მოსახლეობის ინტერესების ზიანის ხარჯზე. როგორც ჩანს, რეფერენტული ფასების მიხედვით გააიაფეს წამლების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს ზოგიერთზე გაზარდეს ფასი, როგორ მოხდა, რამდენი დასახელების მედიკამენტი გაძვირდა და რა ლოგიკით, ჯერაც არ გვაქვს პასუხი, ახლა თურქეთის ფაქტორიც დაემატა”, – აღნიშნა ზოიძემ.
მისი თქმით, წამლის ფასი რეალურად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის და ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ რეგულაციებით შეუძლებელია. ერთ-ერთ გამოსავალს კი ზოიძე წამლების ადგილობრივი წარმოების განვითარებაში ხედავს.
,,ადგილობრივი წარმოების კონტრიბუცია შეიძლება გაკეთდეს, რომ წამალი გაიაფდეს და ხელმისაწვდომი გახდეს. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დაბალია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების კუთხით, რითაც კარგად სარგებლობენ მსხვილი ფარმაცევტული ფირმები. რომლებიც ერთდროულად ფლობენ ადგილობრივ წარმოებას, იმპორტს, წამლების საბითუმო და საცალო ვაჭრობას, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს, რაც განვითარებულ ქვეყნებში კანონით იკრძალება. ყველა ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რაც კანონით უნდა იყოს განმტკიცებული“, – დასძინა ზოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა. შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.
მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.
რეზონანსი