თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში მისი ოპოზიციონერი მეტოქის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადება, რომ რუსეთი თურქეთის არჩევნებში ერევა, გააკრიტიკა.
ერდოღანი ქილიჩდაროღლუს განცხადებას სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი კონკურენტი იტყუება.
“რა თქვა კრემლის პრესსპიკერმა? პესკოვმა თქვა: ქილიჩდაროღლუ იტყუება, მან უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტებები, უნდა დაამტკიცოს”, – თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.
“ქემალი ამობობს, რომ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ….რა სახის აზროვნებაა ეს? საიდან მოდის ჩვენთან თითქმის 5.5 მილიონი ტურისტი? რუსეთიდან. რას იზამთ ამაზე? იმოქმედებთ ამერიკის ინსტრუქციით? აპირებთ ამის გაკეთებას [სანქციების დაწესება] იმ ინსტრუქციით, რომელიც ბაიდენისგან მიიღეთ?…
ბაიდენმა გასცა განკარგულება, რომ “ერდოღანი უნდა გადავაგდოთ!”. მე ვიცი ეს, ხალხმა იცის ეს და ხვალ, საარჩევნო ბიულეტენებში ბაიდენსაც საკადრის პასუხს გასცემენ”, – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტობის ერთიანმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რუსეთი თურქეთის არჩევნების ჩარევაში დაადანაშაულა.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 14 მაისს გაიმართება.