ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული ქართულ-ჩინური ურთიერეთობების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”კარგია თუ ცუდი საქართველოსათვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია კონტექსტის, ანუ არსებული რეალობის გათვალისწინების გარეშე. კონტექსტი არის ნებისმიერი მოვლენის სწორად აღქმის აუცილებელი პირობა.
მაგალითად, კარგია თუ არა გზის გაყვანა და მანძილის შემოკლება?
ცხადია შესანიშნავია, მაგრამ თუ კონტექსტი, ანუ არსებული რეალობა არის ისეთი, რომ ამ გზას ააშენებს არაკომპეტენტური კომპანია; რომ მშენებლობის პროცესში ფულის მოპარვის მიზნით არ გაითვალისწინებენ და უგულებელყოფენ ლანდშაფტის სპეციფიკურ თავისებურებებს და ა.შ., მაშინ მივიღებთ კატასტროფას. იგივე შეიძლება ითქვას კაშხლების, სახლების, შადრევნების მშენებლობაზე.
არჩევნების პროცესი კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების მიღწევა და აუცილებელი ატრიბუტია; მაგრამ არჩევნები ამერიკაშიც ტარდება და ჩრდილოეთ კორეაშიც. იკამათო იმაზე, არჩევნები კარგია თუ ცუდი, კონტექსტის გარეშე, სისულელეა. ამას აკეთებენ ან დემაგოგ-პოპულისტები, ჩერჩეტ მასაში შთაბეჭდილების მოსახდენად, ან ლენჩები.
დავუბრუნდეთ საწყის შეკითხვას. დავფიქრდეთ. გავიაზროთ საქართველოს პოლიტიკური რეალობა და მსოფლიოს მიმდინარე პოლიტიკური ტენდენციები. ეს იქნება კონტექსტი. თუ ამას მოახერხებთ, მაშინ მიხვდებით, რა სისულელეა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაც კი, არსებულ რეალობაში.” – წერს გურული.