უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელი მედიის 79 წარმომადგენელი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა სერხი ტომილენკომ საერთაშორისო საექსპერტო დისკუსიის დროს განაცხადა.
“უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის და სხვა საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტების მონიტორინგის მონაცემებით, ამჟამად ცნობილია სულ მცირე 79 ჟურნალისტისა და მედიის წარმომადგენლის შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ”, – განაცხადა ტომილენკომ.
მისი თქმით, 79-დან 16 ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. დანარჩენები კი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში უკრაინის დაცვის დროს.
დისკუსია უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ორგანიზებით უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსთან ერთად და იუნესკოს უკრაინის ეროვნული კომისიის პატრონაჟით გაიმართა. მას ესწრებოდნენ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ტარას შევჩენკო, უმაღლესი რადას სიტყვის თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ იურჩიშინი, იაპონიის საელჩოს, უკრაინაში იუნესკოს ბიუროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და უკრაინელი ჟურნალისტები.
როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ამ დროისთვის, 25 უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.