“თუ ჩვენ არ დავაწესებთ სანქციებს ამ საშინელი კანონისა და ძალადობის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, “მთავარ არხთან” ინტერვიუში საუბრობს.
მე შოკირებული ვიყავი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მოსმენისას, როდესაც მან თქვა, რომ ეს ე.წ. რუსული კანონი სჭირდება ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ზიანის მისაყენებლად.
საქართველოს ეს მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც პარტნიორის შესაბამისად არ იქცევა, არამედ იქცევა მოწინააღმდეგესავით და ავრცელებს ტყუილებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია. რადგან საქართველოს მთავრობამ ეს მოწვევა არ მიიღო, არა მგონია ეს შემოთავაზება ისევ ძალაში იყოს. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გაიწვიოს უკან ეს ამაზრზენი კანონი და ბოდიში მოუხადოს იმ ხალხს, ვისაც ზიანი მიაყენა.
ჩემს ყოფილ კოლეგებს ვურჩევდი, რომ გამოიყენონ მკაცრი რიტორიკა, რასაც უკვე ვისმენთ, საბედნიეროდ, მაგრამ ამას ასევე მოაყოლონ ქმედებები, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკით ისინი არ შეჩერდებიან. მათ არ აინტერესებთ ჩვენი სიტყვები და ამიტომ ამ სიტყვებს უნდა მოჰყვეს ქმედებები. მე არ ვარ სანქციების ექსპერტი, მაგრამ თუ ჩვენ არ დავაწესებთ სანქციებს ამ საშინელი კანონისა და იმ ძალადობის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვწამს ქართველების ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენ ამას მხარი უნდა დავუჭიროთ, – ამბობს იან კელი.