არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი – შარლ მიშელი რუსულ კანონზე ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე წერს, მან კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის” – წერს შარლ მიშელი.

”სატელეფონო საუბარში @PM_Kobakhidze-სთან განხილულ იქნა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ გამოვხატე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება, ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ, უნდა იქნეს მოსმენილი.

აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი.

საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი”- წერს მიშელი.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან საქართველოში განვითარებულ მოვლენები განიხილა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share