“ჩათვალეთ…ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს”-გიორგი გახარია

„ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციის დეფიციტს ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, ძალადობით – ჩათვალეთ, ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე. იცის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ათობით ათასი მოქალაქე ქუჩაში დადგება, ამიტომ ურჩევნიათ, ეს კრიზისი ახლა იყოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი დამარცხებულია. პირველი: დიდი სიურპრიზი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწყო 30 დეკემბერს. მას შემდეგ ქვეყანაში ქაოსის ზრდის გარდა პოზიტიური არაფერი ხდება. მეორე: ეს ის პერიოდია, როდესაც ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საგარეო კურსის ცვლილებებთან, ასევე, ის პროცესები, რაც სამწუხაროდ, ქუჩაში მიმდინარეობს. როდესაც ამბობ, რომ 60%-ზე მეტი მხარდაჭერა გაქვს, ასეთი ქმედებები არ გჭირდება. დღეს „ოცნებას“ ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს, ეს ლეგიტიმაცია რაღაცით უნდა შეავსოს, შესაბამისად, დღეს, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციის დეფიციტს ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, ძალადობით, რაც გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ათობით ათასი მოქალაქე ქუჩაში დადგება. ურჩევნიათ, ეს კრიზისი ახლა იყოს. ამ კრიზის თემა იყოს რუსული კანონი და არჩევნების შედეგები. როგორც ჩანს, რუსულ კანონს მიიღებენ. ეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას პირდაპირ არ ნიშნავს, ბევრ რაღაცას პირდაპირ არ ნიშნავს, მაგრამ გაყალბებული არჩევნები პირდაპირ ნიშნავს, რომ შემდგომი დემოკრატიზაცია, ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია. პრობლემა იმაში კი არ არის, „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, „ოცნებას“ არჩევნების გაყალბება დაწყებული აქვს. პრობლემა არის ის, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებზე ლეგიტიმაციას როგორ მიიღებენ, გონიერი ადამიანია ივანიშვილი და იცის, რომ საქართველოს მართვა მხოლოდ რუსეთიდან ან ბელარუსიდან მიღებული ლეგიტიმაციით შეუძლებელია. კრიზისი, თავდასხმები, რაც სტრატეგიულ პარტნიორებზე ხდება, ჩათვალეთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს ივანიშვილი. ეს არის ვაჭრობა. კურსი რომ შეცვალა, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე. იცის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება“,- აღნიშნა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share