აფხაზეთის ე.წ. საგარეო: კობახიძის დაპირება წინასაარჩევნო პოპულისტური განცხადებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის სიტყვებს გამოეხმაურა.

“ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ.

ნათელია, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ ჟღერდება და პირველ რიგში მიმართული შიდა აუდიტორიაზე.

საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რესპუბლიკის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობები აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

საჭიროდ ვთვლით, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი სუვერენიტეტის გამყარების გზას აგრძელებს. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება”. – წერია თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე თქვა, რომ “ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად – ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share