უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში გამართულ შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტზე ჩინეთს “პუტინის ინსტრუმენტი” უწოდა და ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობასა და შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. ცნობისთვის, წინა კვირას ჩინეთმა განაცხადა, რომ ის სამშვიდობო სამიტზე დელეგატს არ გააგზავნიდა.
“რუსეთი, ჩინური გავლენისა და ჩინელი დიპლომატების გამოყენებით, აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს სამშვიდობო სამიტის ჩატარებას”. – თქვა ზელენსკიმ შანგრი-ლას დიალოგის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, უკრაინას აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ ეხმარება ჩინეთი მოსკოვს ომის წარმოებაში, მიუხედავად ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მიერ წინა წლის სატელეფონო საუბრისას დადებული პირობისა, რომ პეკინი არ ჩაერეოდა რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში.
“ჩვენ არ ველით სამხედრო დახმარებას ჩინეთისგან. ჩვენ არასდროს მოგვითხოვია ეს… თუმცა ჩვენ ასევე არ გვსურს, რომ ჩინეთმა სამხედრო დახმარება რუსეთს გაუწიოს. სწორედ ეს განვიხილეთ ჩინეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას. ის დამპირდა, რომ ჩინეთი განზე გადგებოდა და არ მიაწოდებდა რუსეთს იარაღს. მიუხედავად ამისა დღეს არსებობს ცნობები, რომ რუსეთის ბაზარს იარაღი ჩინეთისგან მიეწოდება”. – აღნიშნა ზელენსკიმ.
შანგრი-ლას სამიტზე ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ტონგ ძუნმა თქვა, რომ ჩინეთს არცერთი მხარისთვის არ მიუწოდებია იარაღი. მისი თქმით, ჩინეთი “მტკიცედ დგას მშვიდობისა და დიალოგის მხარეს”.
წინა კვირას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა მედიასთან საუბრისას ახსენა, რომ “ჩინეთის ძირითადი მიზანი რუსეთის მხარდაჭერაა და მცდელობა იმისა, რომ ეს საჯაროდ არ გახმაურდეს, რათა ევროპასთან სტაბილური დიპლომატიური და კომერციული კავშირები შეინარჩუნოს”.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ჩინეთი უკრაინასთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტის თქმით, “მათ დიდი ხანია სურთ ჩინეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა, თუმცა ეს ვერ ხერხდება, რადგან თვითონ ჩინეთს არ სურს, ძლიერი კავშირები ჰქონდეს უკრაინასთან”.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ 106-მა ქვეყანამ უკვე დაადასტურა შვეიცარიის სამიტში მონაწილეობა, თუმცა დაამატა, რომ კრემლი და მისი მოკავშირეები, მათ შორის ჩინეთი, სხვებს აძალებენ, რომ თავი შეიკავონ მონაწილეობისაგან.
“რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს სამშვიდობო სამიტის ჩატარებას. რუსეთი ჩადის ქვეყნებში და მათ საკვები პროდუქტის, სასოფლო-სამეურნეო საქონლის ბლოკადით ემუქრება. ემუქრება ენერგიის ფასების ზრდითაც, რაც ქვეყნებს აიძულებს, არ დაესწრონ სამშვიდობო სამიტს”. – აღნიშნა ზელენსკიმ.