აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან უმაღლესი სახელისუფლებო და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც, განცხადების თანახმად, “ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით”.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირებულთა შორის არიან კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს-ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინასვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
“ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას”, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
სანქციები ასევე გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა. დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.
აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.