„მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება“ – საია

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება უზრუნველყოს.

როგორც „ახალგაზტდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-მ დემონსტრანტების უკანონო დაკავება უნდა შეწყვიტოს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა უწყვეტ პროტესტს გამოხატავენ. მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ინვენტარისგან გაათავისუფლეს ტერიტორია. აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე.

საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლება გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია.

ამ დროისთის პროტესტის მონაწილეები იმყოფებიან მელიქიშვილის გამზირზე (07:50 მდგომარეობით), ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადად სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა. შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

შეწყვიტოს/არ დაუშვას დემონსტრანტების უკანონო დაკავება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share