„არ წყდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია“ – ცესკო PACE -ს წერილით მიმართავს

ცესკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) კრიტიკული რეზოლუციის პასუხად ღია წერილით მიმართავს.

როგორც ცესკოს წერილში აღნიშნული, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია.

„ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საარჩევნო კოდექსში.

ჩვენ გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში, არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ სანამ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“, – ნათქვამია ცესკოს წერილში.

საუბარია აპრილის დასაწყისში ცესკოს მიერ მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ვერიფიკაციის აპარატის მონაცემების დამუშავება, ასევე ამომრჩევლისთვის პირადობის ჩვენების მოთხოვნა ეკრძალება. აღნიშნული ცვლილებები, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას და ხელს უშლის ე.წ. კარუსელის აღმოჩენას.

როგორც ცესკო PACE-სადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავდა და კრძალავს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას.

„აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აისახა რეკომენდაცია, დამკვირვებელთა ხმის მიცემის პროცესის ყველა ასპექტზე დაკვირვების უფლების შეზღუდვის გარეშე, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომი დამუშავების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და კენჭისყრის დღეს აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას2. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა 2018 წელს.

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების არასათანადო დამუშავების აკრძალვის შესახებ დიდი ხანია ცნობილია ჩართული მხარეებისთვის, ამასვე ადასტურებს, ის რომ კანონის თანახმად არსებობს ამომრჩევლის სიების ორი ვერსია:

ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა.

ზემოხსენებული დადგენილებით ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. ამის საჭიროება კი განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფოტოვიდეოგადაღების მიმართულებით რეკომენდაცია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გაცემული, ამდენად აღნიშნული დადგენილებით სწორედ ეს რეკომენდაცია შესრულდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ალბათ გასაგები უნდა იყოს თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მომჩივან პოლიტიკურ სუბიექტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარი პოზიციის დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს. შესაბამისად, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მათი სარჩელის მიზანი არა საარჩევნო პროცესის “სამართლიანობაზე” ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. სამწუხაროდ, მათ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, ვინაიდან მათი ე.წ “არგუმენტების” გაზიარება და გადაუმოწმებლად გავრცელება ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის თუ პოლიტიკოსის დღის წესრიგად იქცა.

ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ მიზანმიმართულად ცდილობენ რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, დამკვირვებელთა მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა“, – აცხადებს ცესკო.

როგორც ცესკო აღნიშნავს, ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა.

„ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.

იდეალური არჩევნები არ არსებობს, არსად არც ერთ ქვეყანაში. ყოველთვის არსებობს რესურსი პროცესის კიდევ უფრო დახვეწის. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს სულ უფრო სრულყოფილი გახადოს პროცესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა სამწუხაროდ ამჟამად სახეზეა მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს“, – აცხადებს ცესკო.

ცესკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს სიმართლე საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, მზად არიან არგუმენტებით უპასუხონ ნებისმიერ კითხვას.

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან და ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია თანამშრომლობისთვის. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ თქვენთვის აღნიშნული წერილით მომართვა და რეალური ფაქტების შეხსენება, რათა ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას დაეყრდნოთ გადამოწმებულ ფაქტებს და არა აღქმებს, რომლის დათესვასაც ასე ძლიერ ცდილობენ დაინტერესებული მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

მოგმართავთ თხოვნით დაინტერესებული მხარეების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღეთ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან თქვენი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა პროცესში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის“, – ნათქვამია ცესკოს წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share