„დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა საუბარი ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც შეეხო“ – ლევან სანიკიძე ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე განმარტავს, რომ ეუთოს მთავარი ფუნქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და შესაბამისად, ორგანიზაციის გენმდივნის საქართველოში ვიზიტიც  ამ საკითხს უკავშირდებოდა.

ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ასევე ფიქრობს, რომ მაკა ბოჭორიშვილთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ეუთოს გენმდივანმა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

 

უნდა გვესმოდეს ის საკითხიც, რომ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მთავარი ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფრთხოების დაცვა და ბუნებრივია, რომ ის კომენტარი და ის საჯარო პრესკონფერენცია, რომელიც ჩატარდა, უმეტესად იყო ამ საკითხთან დაკავშირებული.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ მუდმივმოქმედი საბჭოს უმრავლესობა მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. უმკაცრეს განცხადებებს აკეთებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ გენერალური მდივანი დახურულ კარს მიღმა ამ საკითხებს აუცილებლად შეეხებოდა, – ამბობს ლევან სანიკიძე.
საქართველოში, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა.

 

ეუთოს გენერალური მდივანი “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

 

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბრიფინგი გამართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share