რეჟიმს ფარცხალაძე იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთიდან დავალებები და ინსტრუქციები ჩამოიტანოს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა და 9 მაისს, პუტინის აღლუმზე ოთარ ფარცხალაძის ყოფნას გამოეხმაურა.
გივი თარგამაძის თქმით, იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო ოკუპანტების კლანჭების ქვეშ სრულად არ მოაქციოს, დასავლური სამყაროს მიერ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” წევრებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაა საჭირო.
”ფარცხალაძე სჭირდებათ, რომ დავალებები, ინსტრუქციები ჩამოიტანოს. ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ამისკენ (რუსეთისკენ) კიდევ უფრო ღრმად მივდივართ. ამიტომ არის საგარეო ზეწოლა საჭირო. რაც უფრო გაიზრდება სანქციები, უფრო მეტი ბზარი და გატეხილობა გაჩნდება “ოცნებაში”. ბიძინა შიშით კი გაშეშებულები არიან, მაგრამ სხვა შიშმა უნდა გადაძალოს ყველაფერს. საგარეო ზეწოლაა მნიშვნელოვანი და ასევე მედგარი პროტესტი საქართველოში, რომელიც არ უნდა ჩაქრეს”. – განაცხადა გივი თარგამაძემ.