“ვაქცინაციაზე უარის თქმა, არის ყველაზე ცუდი გამოსავალი, მიუხედავად იმ შიშებისა რომელიც დღეს მართლაც უმძიმესი ტრაგედიის მერე გაჩნდა.თუ მედპერსონალი უარს იტყვის ვაქცინაციაზე, მითუმეტეს გაძნელდება იგი მოსახლეობაში. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი სწრაფად დავამარცხოთ COVID-19 და დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების წესს. სამწუხაროდ ჩემი მაღალი ალერგიული განწყობის გამო, მივეკუთვნები რისკჯუფს, თორემ მზად ვარ საჯაროდ გავიკთო ვაქცინა.ამ დღეებში ვაპირებ გავიარო კონსულტაციები ალერგოლოგებთან და თუ მათგან მექნება თანხმობა მზად ვარ ჩავიტარო ვაქცინაცია”-ასე გამოეხმაურა ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმზღვანელი, კახა ასკურავა “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გურიაში მედიკოსების მიერ ვაქცინის გაკეთებაზე უარის თქმას ეხებოდა.
ცნობისთვის: დღეს ოზურგეთში და ჩოხატაურში, ვაქცინაციის გეგმიური პროცესი ჩაიშალა.
როგორც ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” დირექტორმა, დავით მინარაძემ განაცხადა, დღეს 13 ადამიანი იყო ჩაწერილი, აქედან ვაქცინაციაზე უარი შვიდმა განაცხადა. იქიდან გამომდინარე რომ, ვაქცინის ერთი ფლაკონით 10 ადამიანი იცრება, დანარჩენი დოზის გადაღვრა მოუწევდათ, ამიტომ ვაქცინაციის პროცესი გადადეს. ვაქცინაცია ჩაიშალა ჩოხატაურშიც. დარეგისტრირებული ორი მედიკოსიდან კლინიკაში არცერთი არ გამოცხადდა. მიზეზად კი გაციება დაასახელეს. რაც შეეხება ლანჩხუთს, იქ ვაქცინაციის გეგმიური დღე ხვალ უწევს, თუმცა ლანჩხუთელი მედიკოსებიც თავს იკავებენ ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად და ისინიც მიზეზად გაციებას ასახელებენ.