“ფიქრმა წერა დამაძალა თელავზე, კახეთზე”

თელავში ვარ.
რა მენდომება? რაც ჩემი ხელობაა, ეგ – სკოლებში წიგნები ჩავიტანე.
მერე ცოტა დრო მეყო ფიქრისთვის და ფიქრმა წერა დამაძალა. თელავზე. კახეთზე.
ვიცი, შემოდგომისას, აქ სხვა თვე შეეცდება ჩემს გადარწმუნებას და ალბათ მოახერხებს კიდეც, მაგრამ ამწამს, აივანზე, აყვავებულ ცაცხვის გვერდით ვდგავარ, სხვაგვარად არ ძალმიძს და ასე უნდა ვთქვა – მთავარი კახური თვე ივნისია. ბევრი რამ არის ამ ფიქრის მიზეზი:
პაპიროსიანი კაცები, მუქ და რაღაცნაირად თანაბარ პიჯაკებში, გრძელ სკამზე რომ სხედან, მზეს უყურებენ, ოდნავ მოჭუტული თვალებით და მზეც თითქოს ბაძვით ასე უყურებს – ეგ.
კიდევ ის, რომ ახალწვიმაგადაღებულზე, ცისკიდეს გახედავ და მთები ისე ფრთხილად დგანან, იფიქრებ – ერთი მკაცრი გახედვა აქედან და მიწიდან ფეხაკრებით გაიპარებიან.
წყვილი რომ მიდის და ხვდები, ამ სიარულს ეს გამაოგნებელი სუნი ცაცხვის ყვავილის, ფილმის მუსიკასავით უხდება – ეგეც.
უცნაური თვეა აქაური ივნისი – თითქოს იოლი, მჩატე და ამავდროულად უფსკრულივით ღრმა. ისევე როგორც ყველაფერი კახური. თუნდაც საფერავი, ხაშლამა და ოროველა. ანაც ურმული. მოგატყუებს და გათქმევინებს – ამას მეც ვიმღერებ, მეც დავწურავ, მეც მოვხარშავ. ვერაფერსაც ვერ იზამ. ეგ რომ ქნა, კახელი უნდა იყო და ასეთი ათასობით ივნისი უნდა გქონდეს ჩასუნთქული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share