“6 665 ადამიანის საარსებო მინიმუმი მაჯაზე გკიდიათ”. – მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში და მისი მაჯის საათის ფოტო აჩვენა.
“ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1.50-ად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. 73 თეთრად ეუბნებით ომის ვეტერანებს, რომ გამოიკვებონ. 30 000 ლარი – დამრგვალებულია თქვენი 1 თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1 003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული. 2.5 დოლარი და 1.9 დოლარი – ეს პენსია და საარსებო მინიმუმუმია. 425 670 ლარი – აბა, რას გეუბნებათ, ბატონო ირაკლი? 71? ეს თანხა თქვენ გადაიხადეთ ორ ავტომობილში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუოს სახელმწიფოს ყოველდღიურად, რომ თქვევვაირი ავტომობილი იყიდოს. 300 000 ლარი და 6665 ადამიანი – ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6 665 ადამიანის საარსებო ყოველთვიური თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე. აგერ არის საათი, რომელშიც 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი”. – მიმართა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს.
პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებას უსმენენ. ქართული ოცნების წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მას კითხვებს უსვამენ.