მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც დღეს ყველაზე კარგად ესმის ლექსო ლაშქარავას დედის – მაია ასათიანი

გუშინდელ აქციაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოქალაქეებს მაია ასათიანმაც მიმართა და განაცხადა, რომ “არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც გაერთიანებულ მედიასთან ომს მოიგებს”.

“20 წლის წინ, როდესაც გიორგი სანაია მოგვიკლეს, მაშინ დამწყები ჟურნალისტები ვერ ვაცნობიერებდით, რომ ეს იყო ხელისუფლების სიკვდილი და ის ხელისუფლება წავიდა.

მერე იყო 7 ნოემბერი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლებასაც აღარ ადგა დიდი დრო. ახლა მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლება მედიასთან ომში ყოველთვის წაგებული გამოდის.

ამიხსენით, ხალხო, რა არის ეს ქართველობა? – როდესაც 40 კაცი გამეტებით, ერთს, სასიკვდილოდ ურტყამს… როდესაც ის ერთი ოპერატორი, პატარა 20 წლის გოგონას გადაეფარა და საკუთარი სიკვდილით გადაარჩინა.

რა არის ქართველობა? – ქრისტიანობა არის თავმდაბლობა, შემწყნარებლობა, დევიზი – არ განიკითხო და მთავარი – არა კაცკლა!

დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ლექსო ლაშქარავას – მედია ლაშქარი! მე ყველას გთხოვთ, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ.

არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც აგერთიანებულ მედიასთან ომს მოიგებს. დღევანდელი სიკვდილით ქართული მედია თავიდან დაიბადა. უფრო ძლიერი გახდა. ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენს მაყურებელთან ერთად.

მოგმართავთ აი, იმ  წვეროსნებს – ეს რა ქართველობაა? – როცა მიცვალებულს ძალით ართმევენ დედას, ცელოფანში ახვევენ და ლიფტში ტენიან!…

ალბათ, მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც დღეს ყველაზე კარგად ესმის ლექსო ლაშქარავას დედის. სად არის ნამდვილი საქართველო? – სად არის და აი, აქ არის – თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფერადი!” – განაცხადა მაია ასათიანმა სიტყვით გამოსვლისას.

Home 1

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share