ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. უსახლკაროდ დარჩა ჩხაიძეების ოთხსულიანი ოჯახი.
ავთანდილ ჩხაიძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ისინი ოჯახის მეხუთე წევრს ელოდებიან. „ქალბატონი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ბათუმში იმყოფება და დანარჩენი ორი ბავშვი მასთან ჰყავს წაყვანილი. კიდევ კარგი საცოდაობის მომსწრე, რომ არ გავხდით“- ჰყვებიან მეზობლები.
ოჯახი სოციალურად დაუცველია.
როგორც ლანჩხუთის მერის მოადგილემ ბიძინა იმნაიშვილმა „გურიის მოამბესთან“ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს ქირით გაიყვანს და როგორც შეძლებენ ყველანაირად დაეხმარებიან.
„ჩხაიძეების ოთხსულიან ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ოჯახში ორი არასრულწლოვანია და მესამეს ელოდებიან. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2000 ლარი გამოიყო მათ დასახმარებლად, ასევე ვუქირავებთ სახლს, რომელსაც თავად შეარჩევენ. ბიუჯეტის რესურსიდან გამომდინარე ყველანაირად დავეხმარებით.“- გვითხრა იმნაიშვილმა.