დაახლოებით ერთი თვეა, რაც ოზურგეთელი ამომრჩევლები აღარ სვამენ შეკითხვას: რას აპირებს კოტე შარაშენიძე, იყრის თუ არა იგი ხელმეორედ კენჭს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის თანამდებობის შესანარჩუნებლად.
შარაშენიძემ რეგისტრაცია გაიარა და საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში დაიწყო.
მაინც რატომ სურთ ადამიანებს იგი კვლავ მერის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იხილონ? გაგაცნობთ მისი მხარდამჭერების მოსაზრებებს, რომელიც ამ ოთხი წლის მანძილზე ხშირად მსმენია.
მას შეუძლია ადამიანებთან თბილი ურთიერთობა პირველი შეხვედრიდან დაამყაროს, მოუსმინოს, ადვილად ჩაწვდეს მათ გასაჭირს, მაქსიმალურად დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში.
არ შეუძლია, მომხრეებად და არამომხრეებად დაყოს მასთან მისული ადამიანები.
პრობლემების მოგვარებას მასთან სატელეფონო საუბრითაც კი აგვარებენ. პასუხობს ყველას. უსმენს.
კოტე შარაშენიძე თავად ეძიებს საქმეს. საქმე მასთან არ მიდის, თავად ხელმძღვანელობს მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობას ოზურგეთში. ნახავთ ყველგან. იქ, სადაც პრობლემებია და იშვიათად, მიღების დღის გარდა, კაბინეტში.
არის შედეგზე ორიენტირებული, როცა შედეგის დადგომამდე მისასვლელი გზა შეიძლება ურთულესიც იყოს და იმ დროისათვის არაპოპულარულიც.
არის ერთ-ერთი ღირსეული ოჯახის თავკაცი ოზურგეთში. მისი ბაბუები დავით გოგუაძე და კოტე შარაშენიძე იყვნენ საკოლმეურნეო მოძრაობის აქტიური წარმომადგენლები. თბილი, ხალხზე ორიენტირებული ხელმძღვანელი მუშაკები. მამა, ასევე სოფლის მეურნეობის გამორჩეული წარმომადგენელი, გოდერძი შარაშენიძე, სამწუხაროდ ადრე წავიდა ჩვენგან. დედა-როზა გოგუაძე, ოზურგეთში მოღვაწე ყველა პედაგოგის მეგობარი და გვერდში მდგომი. დღესაც წარმატებით უძღვება პედაგოგთა და მეცნიერთა ოზურგეთის პროფკავშირულ ორგანიზაციას. მეუღლე, ნიჭიერი ქალბატონი რუსუდან მდინარაძე, კულტურის სამსახურის წარმატებული მუშაკი. ბევრი გამორჩეული პროექტის განმახორციელებელი, არავის ახსოვს ოდესმე ჩარეულიყოს მეუღლის საქმიანობაში. ჰყავს 4 შვილი და ორი შვილიშვილი, და- თიკო შარაშენიძე, ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონია.
მეუღლესთან, რუსუდან მდინარაძესთან ერთად
შვილებს: თიკოს, გოგას, დათასა და პატარა ნიკოლოზს ჰყავთ უამრავი მეგობარი. ოჯახის ცხოვრების წესი არასოდეს შეცვლილა. იყო კოტე შარაშენიძე სამსახურის მაძიებელი, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. ისინი არ იცვლებოდნენ. უმცროს-უფროსობის სრული დაცვით, თავმდაბლობითა და ირგვლივმყოფთა სიყვარულით გამორჩეულ ადგილს იკავებენ ოზურგეთში.
იმაზე, თუ რატომ დასჭირდათ კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეებს გარკვეული ვნებათაღელვა მის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ამის შესახებ იგი თავად მოგახსენებთ.
–ბატონო კოტე, თქვენდამი კეთილად განწყობილი ადამიანები ღიად გამოთქვამენ სურვილს, რომ კიდევ ერთხელ იყაროთ კენჭი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის მოსაპოვებლად. ნერვიულობდნენ კიდეც, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდით, რა შემოთავაზებები გქონდთ სანაცვლოდ, რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთ სურვილს გამოთქვამს. გადაწყვეტილება მივიღე ოზურგეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ოზურგეთელების მხარდაჭერის იმედით. იყო შემოთავაზება სხვადასხვა თანამდებობაზე მემუშავა, რომელიც გაცილებით კომფორტული იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც. მქონდა ჩემი პირობაც, თუ მმართველი გუნდი წამოაყენებდა ისეთ კანდიდატურას, რომელსაც გათვითცნობიერებული ექნებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა პრობლემა, კენჭს აღარ ვიყრიდი და ამას ჩემი ამომრჩეველიც გაგებით შეხვდებოდა. ასე არ მოხდა და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მივიღე.
– ესე იგი, ავთო თალაკვაძე თქვენთვის მისაღები კანდიდატურა არ იყო?
წინააღმდეგი ვარ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ზემოდან მიღებული მითითებებით იმართებოდეს. მე მას პირადად არ ვიცნობ, ისე, როგორც ბევრი ოზურგეთელი. ვფიქრობ, გაუჭირდება პრიორიტეტების შერჩევა, რომელიც ოზურგეთისათვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-ამომრჩევლები იხსენებენ ოთხი წლის წინანდელს, როცა უთანასწორო ბრძოლაში თქვენ შეძელით მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხება. როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხეთ ეს, როცა სამთავრობო კანდიდატს გაცილებით უფრო კომფორტულ პირობებში უხდება წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება?
ის, რაც მაშინ მოხდა, იყო ოზურგეთელთა უმრავლესობის ნება. მქონდა გამგებლად მუშაობის გამოცდილება. მოვახერხე გავცნობოდი იმ პრობლემებს, სოფელსა თუ ქალაქში, რომელიც არსებობდა. გავიცანი ადამიანები. ნაწილობრივ შევეცადე მომეგვარებინა მათი პრობლემები. მაქვს საკმაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში. 1997 წლიდან ვიყავი დვაბზუს გამგებელი, შემდგომ გუბერნიაში ვმუშაობდი ადგილობრივი თვითმმართველობის კორდინაციის სამსახურში,
როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მომეცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მაშინ ჩემს გვერდით იდგა. ილუზიაში ყოფნას არავის ვურჩევ, ბევრი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია. ხალხის არჩეული ხელმძღვანელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ეს პრინციპი არასდროს დამირღვევია. სასიკეთოთ შეიცვალა ბევრი რამ ჩემი მმართველობის დროს. განხორციელდა პროექტები, დახმარება გავუწიეთ ადამიანებს საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.
-ამბობენ ყველაზე კარგად რაც გამოგდით, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, გიყვართ მათთან საუბარი, მათი გასაჭირის გაზიარება, მუშაობთ პრინციპით-რით დავეხმარო.
კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ადამიანს ვეხმარები. ბევრჯერ მიხილავს მათი მადლიერი თვალები, ბევრჯერ დამინახავს იმედის ნაპერწკალი. ზოგადად ადამიანი ძალიან მიყვარს, მენანება იგი სასოწარკვეთისათვის, ეს გენეტიკითაც მომდგამს. ჩემი ბაბუების, წლების მამნძილზე სხვადასხვა სოფლებში კოლმეურნეობის თავმჯდომარის, დავით გოგუაძისაგან და საფინანსო დარგის ერთ-ერთი წარმატებული მუშაკისაგან, კოტე შარაშენიძისაგან, მშობლებისაგან. როცა ვხედავ ადამიანს ჩემი იმედი გაუჩნდა, მეც ბედნიერად ვგრძნობ თავს.
-თქვენი ოთხწლიანი საქმიანობიდან განსაკუთრებით, რომელს გამოყოფდით?
იყო გვერდით დგომა დედაეკლესიისადმი. წარმატებით განხორციელებული პროექტები ქალაქში, თითქმის ყველა სოფელში. ბენეფიციარების პირობების მაქსიმალური გაუმჯობესება. ახალი სკოლები, ბაღები. არსებულის თანამედროვე სტანდარტამდე მიყვანა. მიღებული მაქვს თეატრალური საზოგადოების ჯილდო. 2018-2020 წლებში საუკეთესო მერის ტიტული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი წარმატებულია ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის. ეს იყო, მაგრამ რა თქმა უნდა წინ ბევრი ახალი პროექტია. ჩვენი ქალაქის ცენტრის უკეთ მოწყობა, ცხავათას მუზეუმის აღდგენა. რისთვისაც მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ევროკავშირთან. ეს მოხდება ჩვენი მონაწილეობით, თანადაფინანსებით. ჩემი არჩევის შემთხვევაში, პროექტი აუცილებლად განხორცილედება.
ერთხელ ვთქვი, კვლავაც გავიმეორებ, ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მჭიდრო კავშირი მაქვს სახელისუფლებო სტრუქტურებთან. ის, რასაც კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა ჰქვია ყოველთვის კარგად გამომდის. არჩევის შემთხვევაში, ამასვე ვაპირებ მომავალში.
-იმ ბრალდებების შესახებაც მინდა გკითხოთ, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი ცეცხლაძისა და თქვენს მიმართ გაჟღერდა, ოპერატიულად შექმნილ მედია პლატფორმაზე?
ჩემ შესახებ ბევრი უსაფუძვლო ბრალდება მომისმენია ახლაც და წინა არჩევნების პერიოდშიც. ჩვენს უსაყვარლეს მსახიობს, ეროსი მანჯგალაძეს ერთელ ჰკითხეს, როგორ ხვდებოდა კრიტიკას. კარგა ხნის წინათ წავიკითხე, მაგრამ დღემდე შემომრჩა მეხსიერებაში „ორგანულად მძულს, თუმცა ზოგჯერ დამხმარებია მუშაობაშიო“-ამბობდა დიდი მსახიობი. ანალოგიურის თქმა შემიძლია. კრიტიკა, თუ ის სამართლიანია, აუცილებლად უნდა მიიღო და გაითვალისწინო, მაგრამ, ის, რასაც დღეს ვისმენ, ეს უბრალოდ ცილისწამებაა. თითქოს ჩავატარე თათბირი, დავაშინე სოფლის წარმომადგენლები. საუბარია თათბირზე, რომელსაც ფიზიკურად არც კი დავსწრებივარ, თითქოს, მხოლოდ ჩემს ახლობლებს ვეხამრები და კიდევ, „გომისმთაზე“ შექმნილი პრობლემები ჩემს კისერზეა. კატეგორიულად ვაცხადებ, ეს უბრალოდ ცილისწამებაა. ადამიანი ვარ და გული მწყდება, რომ ამას მავანნი კადრულობს სარგებელის მისაღებად. იქნება ეს გამსვლელ სიაში ჩაწერა, თუ მაამებლობა. პასუხის გაცემას არც ვაპირებდი, უბრალოდ, მკითხეთ და გპასუხობთ. მინდა ვუთხრა მათ: -მეგობრებო, ცილისწამება არ მთრგუნავს, პირიქით, მაძლიერებს. ჩემზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა მას არ შეუძლია. თუ ოპონირება გინდათ, ნუ შეეცდებით ამას, თქვენვე დაზიანდებით.
მე არ მომწონს ის, რითაც დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. სიძულვილის ენით. ვთვლი, პოლემიკას აზრი არა აქვს. ჩემი გზა მაქვს, ჩემი პროგრამა და ამ დღეებში წარვუდგენ ამომრჩევლებს, ეს შემიძლია გითხრათ მხოლოდ.
-კიდევ ერთი გამახსენდა. გადაწყვეტილი გაქვთ ნასაკირალის მინერალური წყლების აღდგენა.იმასაც გეტყვით, გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს წყლები თქვენ შეისყიდეთ.
ნასაკირალის მინერალური წყალი ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეა. მისი გაყიდვა შეუძლებელია, ნურავინ შეეცდება შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოვიძიეთ ინვესტორები. COVID 19 -მა შეგვაფერხა. მალე დადგება დრო, ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში ჩადგება ეს უნიკალური წყლები. აშენდება კოტეჯები და ეს ულამაზესი მხარე, ისევ დაიბრუნებს წინანდელ სახეს.
– ბოლოს, რას ეტყოდით ამომრჩევლებს?
ამომრჩევლებს სულ მალე შევხვდები ჩემი პროგრამით, გავაცნობ მომავლის სამოქმედო გეგმებს. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
ოჯახი
…
პანდემიის გამძვინვარების მიუხედავად, რომელსაც, სამწუხაროდ, ლეტარული შედეგების მატება მოჰყვა, წინასაარჩევნო კამპანია მაინც ციებ-ცხელებით დაიწყო ოზურგეთში. სიძულვილის ენით, კანდიდატებისადმი ბრალდებებით, რომელიც მათ რამდენიმე წუთში გააქარწლეს.
გამძაფრდება თუ არა სიტუაცია მომდევნო დღეებში, ამას სულ მალე ვიხილავთ.
კონსტანტინე შარაშენიძე უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს და მალე სამოქმედო პროგრამით წარსდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
მანანა ქილიფთარი