29-30 აგვისტოს მონაცემებით, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშია, რომლის მოსახლეობის 92% სრულად ვაქცინირებულია. ემირატებმა აგვისტოს დასაწყისში ვაქცინის გამოყენება 3 წლის ასაკის ბავშვებშიც დაამტკცა. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს 31 აგვისტოს კორონავირუსის 996 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა მხოლოდ ორი ადამიანი.
ვაქცინაციით მსოფლიოში მეორე ადგილზეა მალტა, სადაც მოსახლეობის 82% სრულად ვაქცინირებულია. 31 აგვისტოს მონაცემებით, მალტაში კორონავირუსის 48 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
მოსახლეობის 77,6% სრულად ვაქცინირებულია სინგაპურშიც, რომელიც ყველაზე ვაქცინირებულ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. სინგაპურის მოსახლეობის რაოდენობა 6 მილიონს აღწევს, თუმცა ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის მხოლოდ 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და არავინ გარდაცვლილა.
ბოლო 24 საათში სიკვდილიანობა არ ფიქსირდება ყატარშიც, სადაც მოსახლეობის 74% სრულად ვაქცინირებულია.
მოსახლეობის 73,5% ორჯერადად უკვე აიცრა კორონავირუსის სამშობლოში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების მხოლოდ 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და არავინ გარდაცვლილა.