„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი ჩვენგანი მოვდივართ ჩვენი პოლიტიკური წარსულიდან და ეს პოლიტიკური წარსული, რა თქმა უნდა, უკავშირდება „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ღირსეული ადამიანია, ჩვენი მეგობარია დარჩენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი კარგი რაც გავაკეთეთ აქამდე უნდა შევინარჩუნოთ და მასზე დავაშენოთ კიდევ უფრო მეტი წარმატებული საქმე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან, როგორც დღეს დღევანდელი „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „ბოსებს“ წარმოუდგენიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ მეთოდებს, რომლითაც დღევანდელი „ქართული ოცნების“ „ბოსები“ ჩვენს თანამებრძოლებს ებრძვიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას როგორ ჩაუდეს იარაღი მაგალითად აკაკი ბართაიას. არ უნდა შევეგუოთ იმას, როგორ ებრძვიან ჩვენს სიაში მყოფ ადამიანებს, იმისთვის რომ მათ აიძულებენ ამ სიაზე თქვან უარი. როგორ ემუქრებიან მათ ოჯახის წევრებს არა მხოლოდ სამსახურის დაკარგვით, არამედ დაკავებით, ჩადებით და კიდევ ბევრი რაღაცა სიბინძურით.
ჩვენთვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს „ქართული ოცნება“ როგორ მოახერხებს „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი უსუსურობით დააბრუნებს ხელისუფლებაში, თუ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. აგერ, ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესში. საერთოდ, ყველას რომ გვესმოდეს, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს, კარიკატურაა. ერთადერთი, ვინც მსოფლიოში სერიოზულად მას აღიქვამს, ეს არის „ქართული ოცნება“. ერთადერთი ვინც მას, როგორც პოლიტიკურ პერსონას აცოცხლებს, ეს არის „ქართული ოცნება“. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დააშინოს და არ გვეშინია! ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ისევე როგორც ჩემი გადაწყვეტილება თბილისის მერობის კამპანიაში ჩართვის, განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე პირისპირ ამ ორ ძალასთან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ არჩევანი არ არსებობს. იმიტომ რომ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში“, რომელიც გვაბრუნებს წარსულში და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ვერ ვხედავ დიდ სხვაობას და ამას ვამბობ დიდი იმედგაცრუებით და ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი და რა თქმა უნდა, არავინ არ უარყოფს იმ მიღწევებს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია და არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავხაზოთ. პირიქით, ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ იმ უგუნურობისგან, რომელსაც დღეს სჩადის „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ხელმძღვანელი” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.