თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა ,,ვივა მედი”. არ არის გამორიცხული, ამ დაწესებულებაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანოს.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 18 დღეა, შიმშილობს და მისი ორგანიზმი ნელ-ნელა უფრო სუსტდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია უკვე საათების ამბავია. საბოლოოო გადაწყვეტილება ექიმთა კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომელიც სააკაშვილს ციხეში ხვალ მოინახულებს.
ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და საუბარი. ამის მიუხედავად ის კატეგორიულად მოითხოვს, რომ არ ისაუბრონ მის ჯანმრთელობაზე, რადგან მთავარი მეორე ტურში გამარჯვება და ამ მიზნით ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნებაა.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი სამედიცინო კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს. 6 კაციანი ჯგუფი სააკაშვილთან ხვალ შევა. თუ ექიმები დაადგენენ, რომ შიმშილობის გამო მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო პარამეტრები საფრთხეშია, მაშინ მას ,,ვივა მედიში” მოათავსებენ.
,,ვივა მედი” საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან კონტრაქტი აქვს და პატიმრები მდგომარეობის დამძიმების გამო აქ გადაჰყავთ.