“ჰაერიდან მოტანილი თემაა” – თალაკვაძე ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე

“ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია “ჰაერიდან მოტანილია”.

“დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ან ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს”, – თქვა თალაკვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ დაიკავებს ეკატერინე ტიკარაძის ადგილს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.

“მესმის, გინდათ გაუსწროთ მოვლენებს და პირველებმა შეატყობინოთ საზოგადოებას, რა გადაწყვეტილებები განიხილება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გადაწყდება კონსულტაციებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი და დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მან ასევე “მწვანე პასპორტზე” ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, ტიკარაძესა და ღარიბაშვილს უთანხმოება ჰქონდათ. თალაკვაძემ თქვა, რომ გუნდის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

“რაც შეეხება მწვანე პასპორტს, მეც ვსარგებლობ ამ აპლიკაციით. ის არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული. შესაბამისად, რადგან მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო პრემიერმინისტრის მეთაურობით, რადგან განვითარებული მსოფლიო იყენებს ამ მექანიზმს, რა თქმა უნდა, მეც მხარს ვუჭერ ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მთავრობის გადაწყვეტილებას”, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ცნობისთვის,ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა. მან თქვა, რომ მუშაობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share