“უკვე მეშინია, წინა ხელისუფლების დროს მანქანას ღიას ვტოვებდი” – ცნობილი სახეები კრიმინოგენულ სიტუაციას აფასებენ

ქვეყანაში ძალიან მოხშირდა ბანკისა თუ ფინანსური სექტორის ძარცვა. გუშინ თბილისის ზღვის ჰოსპიტალშიც შეიჭრნენ მძარცველები. არის წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები… კრიმინოგენული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა.

დაუსჯელად გაუჩინარებულმა ზუგდიდის ბანკის მძარცველმა, თითქოს სეზონი გახსნაო, ერთმანეთს მიეწყო დანაშაულებები.

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას ასე აფასებენ.

მურმან ჯინორია: – ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუ ცხოვრება არ დალაგდა, კიდევ უფრო მოიმატებს კრიმინალი, არ დააკლდება.

კრიმინალზე ყველაფერი მოქმედებს, აბა, რა?! საერთო სიტუაცია. ყველაზე მეტად კი მაინც ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის გამო ჩავვარდით ამ დღეში. დაუსჯელი კრიმინალი თავისთავად ამის წახალისებაა.

მთავარია, ეკონომიკურად გავძლიერდეთ, მერე, დანარჩენი, დალაგდება. ხსნა უკეთეს ცხოვრებაშია. მთავრობის მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ხალხმა ამოისუნთქოს.

მერაბ კოკოჩაშვილი: – მთელ მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა. თავისთავად ცხადია, როდესაც ადამიანს უჭირს, კრიმინოგენული სიტუაცია მწვავდება და მწვავდება.  ამას სჭირდება მოვლა. მაგრამ როდესაც ქურდი ისეთ რამეს ბედავს და კისრულობს, რომ შედის საავადმყოფოში და ავადმყოფებისთვის გადახდილი ფული მიაქვს, ეს უკვე ნაძირლობის მწვერვალია. ამაზე დაბალი დონე აღარ არსებობს.

საერთოდ რომ სიტუაციის გამწვავება იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და ყველანაიარად უნდა მიიღოს ზომები, რომ ქვეყანაში მსგავსი კრიმინალური ამბები არ ხდებოდეს.

ჩვენი კულტურა და მდგომარეობა ისეთ დონეზეა, თუ ჩვენ თვითონ არ ვიფიქრეთ, რომ უფლება არ გვაქვს ასეთი უღირსები ვიყოთ და არ ვეძებეთ სხვა გზები, რომ არსებობისთვის მატერიალური შესაძლებლობები მოვიპოვოთ, ძალიან რთული იქნება. ეს როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ხელისუფლებაში ადამიანებს, რომ ამაზე იფიქრონ. ჩვენ როგორმე უნდა გავძლოთ იქამდე, სანამ ეკონომიკა ძველებურად მუშაობას დაიწყებს.

თამრიკო ჭოხონელიძე: – კრიტიკული მდგომარეობაა ნამდვილად. როდესაც წინა ხელისფლების ოპოზიციაში ვიდექი, მაშინაც ვერ უარყოფდი და ფაქტი იყო, რომ მანქანას ღია ვტოვებდით. ამის არ გვეშინოდა. მაშინ ბევრი რამ გაკეთდა კრიმინალის აღსაკვეცად. კრიმინალი მაშინაც იყო, როგორ არა, მაგრამ ამ დოზით არა. ბანკების გატანა სად იყო იმ წლებში? კლინიკების გაძარცვა არ ხდებოდა. რაც არ უნდა მომხრე იყო ამ ხელისუფლების, ამის არ დანახვა არ შეიძლება. ბევრი ვიცი ამ ხელისუფლების მომხრე, მაგრამ თვალის დარმავებაც არ შეიძლება. ამდენი ძარცვაა, ბანკების, საფინანსო ორგანიზაციების, რეალობას თვალებში უნდა შეხედონ.

გეკითხებიან – მაშინ როგორ იყო? მაშინ რომ იყო, აუცილებელია რომ კიდევ გამეორდეს? იქნებ უკეთესობისკენ წავსულიყავით. ფაქტია, რომ უკეთესობისკენ არ წავსულვართ. რამდენი ტელევიზორს ჩავრთავ, იმდენი ერთი და იგივე  საშინელი ინფორმაცია მესმის – ვიღაცამ ვიღაც დაჭრა, მოხუცს შეუვარდა, აწამა, ფული გაიტანა… არის სახლებში შეჭრის ცალკეული შემთხვევებიც. უკვე მეშინია. ასეთ ვითარებაში კარგავ ადამიანების ნდობას.

მაქვს შიშის და დაუცველობის შეგრძნება. თან ისეთი მდგომარეობაა, გული რომ მტკივა რიგ საკითხებთან მიმართებაში და ამაზე ვლაპარაკობ, ბევრი მეკითხება – თამრიკო, ამას რომ ამბობ, არ გეშინიაო? გული დამწყდება თუ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებ, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არის. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი. თუ მე ჩემი ნათქვამის უნდა შემეშინდეს, “კარგად” ყოფილა ჩვენი საქმე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share