პოეტი ტარიელ ხარხელაური “კვირის პალიტრას” თავისი თვალით დანახულ დღევანდელობაზე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
”როგორ შეიძლება “ბედნიერი” ეწოდოს ერს, რომელსაც უამრავი ყოფითი სირთულისთვის თავი ვერ გაურთმევია; გარშემო გამეფებული სიძულვილი ვერ შეუმცირებია; როდესაც ყოველდღიურად მსოფლიოს დღევანდელობის სენით ამდენი ადამიანი იხოცება, როცა იცი, რამდენ ცრემლიან თვალს აშრობს ზამთრის ქარი და სიცივე, მე ვერ ვიქნები მართალი და გულწრფელი ჩემს ქვეყანასა და ხალხს ბედნიერი ახალი წელზე ვესაუბრო და მრავალფეროვანი მილოცვები ვუგზავნო. ასეთი შეცვლილი, უცნაური გზით მიმავალი ხალხი და ქვეყანა არც მახსოვს.
ახლა ხშირად მეკითხებიან, რას ხედავთ, როგორია გზა, რომელსაც მივყვებითო. ის რიხიანი, რისკიანი, შემტევი და რაც მთავარია, ყველაფერში გულწრფელი ხალხი, სადღაც გაუჩინარდა, მიილია, ვიღაც სხვას დავემსგავსეთ, ოღონდ არა საკუთარ თავს. ქართველმა ხალხმა სიყვარულიც გულწრფელი იცოდა და სიძულვილიც. ახლა შემპარავ, გამორჩენაზე გადასულ ერს დავემსგავსეთ, რომელიც თითქოს მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობს. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ თითქმის ყველა ასეა. ყველა საქმეში ჩვენი ხელმოცარულობა სხვას უნდა გადავაბრალოთ, ხელისუფლებამ ოპოზიციას, ოპოზიციამ – მმართველ გუნდს, მოქალაქემ მეზობელს ან ხელისუფლებას, ან კიდევ ვიღაცას, ოღონდ როგორმე საკუთარ პასუხისმგებლობას გავექცეთ და ყველას დამნაშავედ შევრაცხავთ. ეს ყველას გვეხება, ერსაც, ბერსაც. ერთმანეთთან გაუცხოებული ვართ. პაპასთან ურთიერთობას ვიხსენებდი, რომელიც ჩემი ცხოვრების გზის განმსაზღვრელი გახდა, ჩვენ კი შვილებთან არ შეგვიძლია საუბარი, მაშინვე კამათსა და შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ბოლო ხანებში სულ ილია ჭავჭავაძის “ჩატეხილი ხიდი” მახსენდება, რომელიც ვერა და ვერ გავამრთელეთ. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ყველას დანაშაულსა და წვლილს ვხედავ, როგორც სხვის, ასევე ჩემსას. თუ ჩემს შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, ესე იგი, მე ვარ დამნაშავე. პაპისგან განსხვავებით, მათთან ურთიერთობის სწორი ფორმა ვერ მიპოვია. ჩემთვის რაღაცის კეთება რომ დაეძალებინა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდებოდა, რადგან როდესაც რაღაცას გიბრძანებენ, გინდა მისი საწინააღმდეგო გააკეთო. ის თაობა წავიდა და ჩვენ მათი გზის ღირსეულად გაგრძელება ვერ შევძელით და ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება. ამიტომ ვთვლი თავს დამნაშავედ შვილების, შვილიშვილების წინაშე, იმიტომ, რომ შენზე უკეთესი თუ არ მოდის, შენს წუთისოფელს არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ ჩვენ ისე ვართ გადაგვარებული, ვცდილობთ ჩვენზე უკეთესი წინ არ გავუშვათ, რადგან ბოღმა და შური გვახრჩობს, როგორ თუ ვინმემ გვაჯობაო. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ბედნიერებაზე საუბრობდე, როდესაც იმედი დაკარგული გაქვს. ამაში ცოტ-ცოტა დანაშაული ყველას მიგვიძღვის. ქვეყნის, მომავალი თაობის წინაშე ეს იმხელა ცოდვაა, რომლის ზიდვაც გაგვიჭირდება”-ამბობს პოეტი.