ულტიმატუმის ვადა ამოწურულია – ხვალიდან სოციალური მომსახურების სააგანეტოს 400-მდე თანამშრომელი სამსახურში აღარ მივა და პროტესტს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყებს. ისინი ამბობენ, რომ 4-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და გადაწყვიტეს უკიდურეს ზომას მიმართონ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების თქმით, რომ მათ არც ყოფილი და არც ახალი მინისტრი არ შეხვდა. პრობლემები, უპირველეს ყოვლისა მიზერულ ანაზღაურებას ეხება.
“მე უკვე მრცხვენია ამ საკითხზე საუბარი, უკვე მესამე წელია ერთი და იგივეს ვსაუბრობთ. მაინტერესებს ზემდგომებიც თუ იგივეს გრძნობენ, იმიტომ, რომ ყოველთვის დაპირება, დაპირებად რჩება. ხვალ 11 საათზე ვიკრიბებით სამინისტროსთან, წერილი შეტანილია, რომ გაფიცვა დაწყებულია. 300 ლარი არის მაქსიმუმი, რომ ავიღოთ ხელფასი”, – ამბობს სოციალური აგენტი, თამუნა თამაზაშვილი.
თანამშრომლები ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ.