საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ბალტიისპირეთში ერთ-ერთმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა ქართული პროდუქციის მიღებაზე უარი თქვა,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ (EDA) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გვანცა მელაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ქართული პროდუქციის მიმართ ბოიკოტი უკრაინასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას მოჰყვა.
„საქართველოს მიმართ პოლიტიკური განწყობები შეიცვალა, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ინფორმაცია გვაქვს, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა არ მიიღო ქართული პროდუქცია. მესიჯი ასეთი იყო – როდესაც თქვენი მთავრობა პოზიციას შეიცვლის, შემდეგ განვაახლებთო. ეს ერთ-ერთი სიგნალია იმისი, თუ რამდენად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მესიჯებს“,- განაცხადა გვანცა მელაძემ.
ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაერთ განცხადებას მოჰყვა ნეგატიური გამოხმაურება. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.