პატრიარქის ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, საზოგადოება და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მადლიერები უნდა იყვნენ.
„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ – შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, არ უნდა შეხვედროდა? ოჯახის წევრებს რატომ უნდა შეხვედროდა? ამიტომ არ უნდოდათ შეხვედრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო?“,- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლებისაც უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება.
ამასთან, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ლოცულობენ და დარწმუნებულია, რომ „ღმერთი ლოცვებს შეისმენს“.
„ჩემი პირადი პოზიცია ის არის, რომ მე ხშირად დავდივარ მასთან [მიხეილ სააკაშვილთან], ხშირად ვუსრულებ საიდუმლოებებს, რაც არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა, დანიშნულება და რაც შემიძლია ვაკეთებ. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვას შეისმენს.
რაც შეეხება სამედიცინო დასკვნებს და პოლიტიკურ შეფასებებს, ეს არ არის ჩემი საქმე. ციხიდან რომ გამოვედი, განვაცხადე, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ მეჩვენება შეცვლილი, გამხდარი, დასუსტებული და მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს ზოგადი შეფასება თვალით და უშულო კონტაქტით და მგონია, რომ ამის გამო მოხდა სწორედ….
ჩვენს ხელისუფლებასაც უნდა დავუფასოთ აუცილებლად, რთულ მდგომარეობაში არიან და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში. მგონი, მადლიერები უნდა ვიყოთ ამის გამო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.