ინფორმაცია ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შესახებ

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი, CCEH-ი აცხადებს, რომ ამა წლის 06.02.2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად წარადგინა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სკოპინგის ანგარიში. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სქემა, მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე ზომის სადგურებისგან შედგება (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბახვისწყლის ხეობაში არის დაგეგმილი. სკოპინგის ანგარიში, სამინისტროში პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, შპს ბახვი 2-ის სახელით შევიდა.

პროექტის ტექნიკური დახასიათება:

ჰიდროელექტროსადგურის ტიპი: დერივაციული, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე

დაგეგმილი სიმძლავრე:

  • ბახვი 2ა სადგური – 11.4 მეგავატი
  • ბახვი 2ბ სადგური – 20.7 მეგავატი

გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა:

  • ბახვი 2ა სადგური – 48.6 გვტსთ.
  • ბახვი 2ბ სადგური – 88.8 გვტსთ.

შეგუბების დაგეგმილი ფართობი:

  • ბახვი 2ა სადგური- 0.1930 ჰექტარი
  • ბახვი 2ბ სადგური- 0.09 ჰექტარი

სადაწნეო მილსადენის სიგრძე:

  • ბახვი 2ა – 3283 მ
  • ბახვი 2ბ – 3750 მ

პროექტის ინფრასტრუქტურა:  სათავე ნაგებობა, თევზსავალი,  მილსადენი და ჰესის შენობა

„მიგვაჩნია, რომ  მდინარის კალაპოტში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ერთიანი პოლიტიკით უნდა იმართოს. სწორედ ეს იყო, ჩვენ მიერ მოწვეული ფრანგი ექსპერტის, პიერ ბიდერმანის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც მან ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის შესრულებული კუმულაციური კვლევის შედეგად გაგვიზიარა.  მან გვირჩია, რომ გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, აუცილებელი იყო მდინარე ბახვისწყლის პერიმეტრზე არსებულ სხვა პროექტებთან კოორდინაციაში ყოფნა. სწორედ ამ რჩევამ განაპირობა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტით დაინტერესების გადაწყვეტილება. პროექტი დავხვეწეთ ტექნიკური თვალსაზრისით და უკვე შევიტანეთ სკოპინგზე. ჩვენი ყველა  განზრახვა თუ ქმედება ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შერბილების მიზნით. მდინარე ბახვისწყალზე არსებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე ერთი პასუხისმგებელი კომპანიის  არსებობა, გაზრდის გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობას და  მარტივი იქნება კონტროლის მხრივაც“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში ოპერირებადი ბახვი 3 ჰიდროელექტროსადგურის თანამფლობელია 2017 წლიდან; 2020 წლიდან, ინვესტორი კომპანია ამუშავებს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტს; 2021 წელს, კი ძველი მფლობელებისგან გამოისყიდა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც განმახორციელებელ კომპანიასთან ერთად  დახვეწა, გააუმჯობესა და  სკოპინგის პროცედურა დაიწყო.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი, CCEH-ი ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე, უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების ზედმიწევნით შესრულებასა და დაცვას.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოზე და რეგიონის განვითარებაზე

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share