ეს განაჩენი არის ჩვენს მიერ, ბოლო წლებში შესწავლილ განაჩენებს შორის ყველაზე დაუსაბუთებელი და ეს გამოარჩევს ნიკა გვარამიას საქმეს სხვა განაჩენებისგან პირველ რიგში – სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს ნიკა გვარამიას საქმის განაჩენის დასკვნას, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, ნიკა გვარამიას საქმე საკორპორაციო სამართალს მიეკუთვნება და მოსამართლეს არ აქვს დასაბუთებული, რატომ განიხილა სისხლის სამართლის დავის ჭრილში. მისივე თქმით, მოსამართლე ვერ ასაბუთებს, რომ ნიკა გვარამიას ქმედება იყო თვითნებური და მიზნად ისახავდა პირად გამორჩენას.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, დაუსაბუთებელია დაკისრებული სასჯელის სახე და ზომებიც, რისი ვალდებულებაც ყველა სასამართლოსა და მოსამართლეს აქვს:
“სასამართლოს არ უმსჯელია რატომ იყენებს სასჯელის კონკრეტულ ზომას ერთ შემთხვევაში ჯარიმას და მეორე შემთხვევაში პატიმრობას. წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხში -ის აცხადებს, რომ პატიმრობას იყენებს იმიტომ, რომ ნიკა გვარამია აცხადებს ჯარიმის გადახდაზე უარს, მაშინ როდესაც პირველ ეპიზოდში სასამართლომ ჯარიმა დააკისრა ნიკა გვარამიას. რაც შეეხება სასჯელის ზომას, სამნახევარ წელს, აქ არც ერთი სიტყვა არ გვხდება, თუ რატომ იყენებს მოსამართლე ამ ვადით პატიმრობას” განმარტავს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, არსებობდა ალტერნატივები, უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრების, თუმცა მოსამართლეს არც ამაზე უმსჯელია.