ვერანაირ შერბილებაზე ამ სიტუაციაში ვერ ვილაპარაკებთ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რეფინანსირების განაკვეთზე საუბრისას განაცხადა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აღნიშნა, სანამ ინფლაციის მოთოკვა არ მოხდება, განაკვეთი დარჩება მაღალი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე კვირას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„ვერანაირ შერბილებაზე ამ სიტუაციაში ვერ ვილაპარაკებთ, რადგან როცა ინფლაცია დაიწყო, მაშინ მიწოდების ფაქტორები გვქონდა, რომლის აცილებაც შეუძლებელი იყო და ასევე, უბრალოდ დიდი შეცდომა იქნებოდა. რომ არ მომხდარიყო დამატებითი კრიზისი (რუსეთის შეჭრა უკრაინაში) ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტალში ერთნიშნა იქნებოდა. თუმცა ამან გამოიწვია მიწოდების ჯაჭვების კვლავ გაუარესება, რომელიც წესრიგდებოდა. ასევე, მზარდია ნავთობის და ხორბლის ფასების. ეს არის ფაქტორები, რომელთან დაკავშირებითაც, ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერაფერს გააკეთებდა. ახლა კი, როცა ნარჩუნდება მაღალი ინფლაცია, ვალდებულია ცენტრალური ბანკი გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, რათა არ შეიქმნას გრძელვადიანი უარყოფითი მოლოდინები. აქედან გამომდინარე შევინარჩუნეთ მაღალი მონეტარული პოლიტიკა.