“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს მიაჩნია, რომ საქართველოში სამუშაო ძალის უნარების გასაუმჯობესებლად აუცილებელი წინაპირობა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა, სამუშაო ძალის უნარები ფეხს ვერ უწყობს განვითარებადი ბიზნესის საჭიროებებს, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. სამუშაო ძალის უნარების გასაუმჯობესებლად, უნდა აღმოიფხვრას განათლების სისტემაში არსებული სისუსტეები, შეუსაბამობის შესამცირებლად კი საჭიროა ტექნიკური და პროფესიული განათლების გაუმჯობესება და მეტად ეფექტური ტრენინგები“, – აცხადებს ოდილ რენო-ბასო.
EBRD-ის პრეზიდენტის თანახმად, ერთ-ერთი მექანიზმი ამ საკითხების გადასაჭრელად საინვესტიციო საბჭოა – საჯარო და კერძო დიალოგის პლატფორმა ბიზნესისა და ინვესტორების ძირითადი გამოწვევების დასადგენად და მათ გადასაჭრელად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.
ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბრის შუალედში კავკასიის ტურნეს მართავს და საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, ეს კავკასიაში მისი პირველი საქმიანი ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც EBRD-ის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება, მთავარი განსახილველი საკითხები კი განახლებადი ენერგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, რეფორმები და ფინანსური მდგრადობა იქნება.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.