”მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არცთუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო, ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა არც დავით დარჩიაშვილი, არც გოგა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც ახლა ვითომ პროგრესული ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავს – გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ „ნაცების“ მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს, რომლებსაც დღეს მადლობას ვუხდი, მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე. მარტივი სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები. მაშინ ისინი რეზოლუციას უჭერდნენ მხარს საკუთარი ჯარის წინააღმდეგ. ამ ხუთმა ადამიანმა, რომლებიც „ნაციონალების“ ლიდერები იყვნენ, უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარის, სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული, როდესაც ჩვენი ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, რატომ არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც ერთგანაც გავიმარჯვეთ ჩვენ და მეორეგანაც, ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგად” .
ჩემს და სხვების ტყავზე გადაიარა ნაციონალების საქმის გამოსწორებამ ჰააგაში – წულუკიანი
ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.