ოკუპაცია ოკუპანტის გარეშე – მიხელ ყაველაშვილის 15 წუთიან გამოსვლაში რუსეთი არ მოხვდა. გაეროს ტრიბუნიდან იყო ბევრი შეხსენება როგორ შეინარჩუნა ქვეყანამ მშვიდობა და იყო მოწოდებაც, რომ ოცნება მზად არის დიალოგისთვის ყველასთან, იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ოცნებას ვინმე დაელაპარაკება – სწორედ ეს იყო ოცნების მიერ არჩეულ პრეზიდენტის ერთადერთი გზავნილი პარტნიორებთან.
ყაველაშვილის ვიზიტი ისე სრულდება, რომ ამერიკიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსაც ვერ ჩამოიტანს. მისგან განსხვავებით ფოტო აქვს მაკა ბოჭორიშვილს, ოღონდ სანქცირებულ ბელორუსელ კოლეგასთან.
ყაველაშვილი არც მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე მიუწვევიათ.
სავახშმოდ არ იყო იქ ჩასული პრეზიდენტი – ამ სიტყვებით გაამართლა დღეს შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების დიპლომატიურ კრახს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში სიხარულით ჩასული ქართული დელეგაცია სახელმწიფო მდივანმა ტრანსატლანტიკურ ვახშამზე არ მიიწვია. ეს ნიშნავს, რომ გლობალურ პოლიტიკაზე და მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონზე დისკუსია საქართველოს წარმომადგენლის გარეშე გადაწყვიტეს. არადა ეს არაფორმალური მიღებაა და ოფიციალურის გარდა აქაც მაკა ბოჭორიშვილი არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა.