მე ვარ სოფიკო მარკოზია, 33 წლის, მათემატიკის რეპეტიტორი
რეპეტიტორი შემთხვევით გავხდი. უნივერსიტეტში მათემატიკას ვსწავლობდი და მეზობელმა შვილი მომიყვანა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. აქედან დავიწყე… ალბათ, ჩემი ცოტა ინფანტილური თვისებების გამოც, ბავშვებს კარგად ვეწყობი. სკოლაში არასდროს მიმუშავია. როცა სკოლა დავამთავრე, მაშინ ვთქვი, რომ იქ აღარ დავბრუნდებოდი და არც დავბრუნებულვარ.
ჩხოროწყუდან ვარ, სამ წლამდე იქ ვცხოვრობდი. მერე რუსთავში, საერთო საცხოვრებელში გადმოვედით. იქაური გარემო ძალიან კარგად მახსენდება, ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. მე და ჩემი და ყველაზე პატარები ვიყავით, წიწილებს გვეძახდნენ და ჩვენზე კრუხებივით ზრუნავდნენ. მაშინ ტკბილეული ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო, მეზობელი პურს რომ აცხობდა თავისთვის, ჩვენ შაქრიან პურებს გვიცხობდა და შემოჰქონდა… უკვე თინეიჯერი ვიყავი, თბილისში რომ წამოვედით და ძალიან გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება – აქ აღმოვაჩინე, რომ თურმე ადამიანები ბოროტებიც შეიძლება იყვნენ; აქ ვისწავლე ჩხუბიც და თავდაცვაც, ის, თუ როგორ ვდისტანცირდე გარემოსგან და ჩემს პირად შეურაცხყოფად არ მივიღო სხვისი ქცევა.
მგონია, რომ ახლა, ამ წინააღმდეგობაში ყოფნის ბექგრაუნდი ამან მომცა.

ახლა ყველგან დავდივარ. ძაღლების აქციაზეც ვიყავი. საითაც არ უნდა გაიხედო, დაინახავ, რომ ყველა, უცხო თუ ახლობელი, ძაღლს ეფერება და აქციაზე მაინც 30 ადამიანი ვიდექით. მგონია, რომ ადამიანები თავიანთ როლს ვერ იაზრებენ, ფიქრობენ, რომ რაღაცები თავისთავად უნდა მოხდეს. ახლა უკვე პროტესტიც კრიმინალიზებულია და, ალბათ, ციხის შიშიც განაპირობებს ამას, მაგრამ არც მანამდე იყო მაღალი აქტივობა. აქამდეც იმიტომ მოვედით, რომ მაშინ, როცა პროტესტში ყოფნა, ასე თუ ისე, უსაფრთხო იყო, ძალიან ცოტა ადამიანი იყო წინააღმდეგობაში. ფიქრობენ, რაღაცები კი ხდება, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, ამიტომ არც ჩემი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნებაო. არ იქნება ყველაფერი კარგად, ყველაფერი იმაზე ცუდად იქნება, ვიდრე დღეს არის. როდესაც ეს პროტესტი ახალდაწყებული იყო, კატასტროფის განცდა მქონდა და ვამბობდი, ბოლოს ყველანი ციხეში ვიქნებით-მეთქი. ვიღაცებისთვის აბსურდად ჩანდა, მაგრამ დღეს მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ემუქრება.
პირველად თვალჭრელიძეზე დამაკავეს დევნილების გამოსახლების დროს. კადრები ვნახე, სადაც მამა ეუბნება პოლიციელებს, ჩემი ოთხი წლის შვილი მეხვეწება, რომ მისი სათამაშო შევინახოო… მერე ამ კაცს ძალიან ღირსების შემლახველად აკავებენ; გონდაკარგული ძირს გდია და პოლიციელები მიათრევენ; ვიღაც ყვირის, ექიმი მაინც გამოიძახეთო. ეს რომ ვნახე, სახლიდან გამოვედი და იქ ავედი. ყველას გადავუღე, ყველა პოლიციელს, რომლებსაც ამ ადამიანების ნივთები გამოჰქონდათ, ბევრი არც არაფერი ჰქონდათ; ვიღაცები ამ ნივთებზე ისხდნენ და ბედნიერად იღიმებოდნენ. მაშინ ვუთხარი, ზუსტად ამ მოხალისეობას არ გაპატიებთ არავინ-მეთქი. მივხვდი, რომ ამის გამო ჩემი დაკავება უნდოდათ – რამდენჯერაც უკან დავიხიე, ერთ-ერთი პოლიციელი იმდენჯერ გამომეკიდა. მერე ვხუმრობდი კიდეც, კაცს ჩემთვის ასე არასდროს უბრძოლია-მეთქი. თვალჭრელიძეზე მივხვდი, რომ ამ პოლიციელებს მარტო ჩვენ კი არ ვეზიზღებით, უბრალოდ ყველა ეზიზღებათ, უსულგულო ადამიანები არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც, ვისთანაც მე პირადად შეხება მქონია.
მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი მეორე დაკავება ყველაზე სასაცილოა პროტესტის ისტორიაში. პარლამენტის წინ შემაღლება რომ არის, იქ ვიდექი. მოვიდა პოლიციელი და მითხრა, ჩამოვსულიყავი. რატომ უნდა ჩამოვიდე-მეთქი და ამას აზიანებო, მულჩზე მიმითითა. რანაირად უნდა დააზიანო მულჩი?! არ ვაპირებდი ჩამოსვლას, არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონდა ადგილი. პოლიციის კანონიც იმდენჯერ წავიკითხე, ზეპირად ვიცი, როდის აქვთ მოწოდების უფლება, რომ რაღაც ტერიტორიაზე არ ვიყოთ. არ ჩამოვედი და დამიჭირეს, ექვსი პოლიციელი მაკავებდა, არსად გავრბოდი.
მესამედ გზის გადაკეტვის გამო დამაკავეს. ეს იყო ერთადერთი დაკავება, რომელსაც, რა თქმა უნდა, რესპრესიული კანონი, თუმცა კანონიერი საფუძველი მაინც ჰქონდა. ამ კანონს მე არ ვაღიარებ და ამ დაკავებასაც კანონდარღვევად ვთვლი, იმიტომ, რომ კანონი მოქალაქის უფლების დაცვას ან უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს, მათთვის კი ერთადერთი მიზანი ჩვენი დაჭერა და დაშინებაა.
ამიტომ ამ კანონის დაცვის ვალდებულებასაც ვერ ვგრძნობ.
მე სამ იზოლატორში ვარ ნამყოფი და ამათგან ყველაზე ცუდი, ალბათ, მცხეთის იზოლატორია. მაგალითად, მცხეთის იზოლატორში არ ირეცხება უნიტაზი, გარეთ ბადრაგს უნდა დაუძახო, რომ უნიტაზი ჩაგირეცხოს; არ გაქვს წყალი, ხელს ვერ დაიბან, მხოლოდ შემოგზავნილი წყლით და ხელსახოცით შეგიძლია ხელების დაბანა და გაწმენდა; კვება არის საშინელი…. დიღმის იზოლატორში თავიანთ სამზარეულოში მომზადებული საკვები ჰქონდათ, რომელიც დიდად არ მომეწონა, თუმცა საკვების ფორმა მაინც ჰქონდა. ძირითადად, ერთჯერადი წვნიანი და ხორცის კონსერვი აქვთ, ხორცს რაღაც საშინელ, წელვად მასას ვეძახი.
პერსონალის დამოკიდებულება ცუდი არ არის. თვითონაც ხვდებიან, ყველა ხვდება, აქციიდან მოყვანილი ვინ არის და ვინ – რეალური დამნაშავე. ყველამ კარგად იცის, რომ ეს აბსურდია და ემსახურება იმას, რომ პროტესტში ყოფნა გახდეს ღირსების შემლახველი, იმიტომ, რომ როდესაც შენ კრიმინალად მოგნიშნავენ, მიდი და ამტკიცე, რომ მულჩის დაზიანებისთვის ზიხარ და არა მართლა რაღაც დანაშაულისთვის.
აქ ერთადერთი დანაშაული არის პროტესტში ყოფნა.
პირველი პატიმრობა უფრო რთულია. კარს მოგიკეტავენ და საკეტი რომ გაჩხაკუნდება, მაშინ ხვდები, რომ გამოგკეტეს და გალიაში ხარ. სულ იმაზე ფიქრობ, დრო როდის გავა. წიგნი რომ შემომიგზავნეს, მერე უკვე უფრო მარტივი იყო. ძალიან მოძრავი ადამიანი ვარ, თავიდან მე თვითონ დავირქვი და ახლა რუსთაველზეც ყველა ,,ფლეშს’’ მეძახის, დროშით დავდივარ. საკანშიც სულ დავდიოდი, ვვარჯიშობდი კიდეც, მაგრამ ეს შემოსაზღვრული პატარა სივრცე, გამოკეტილობა და თავისუფლების შეზღუდვა, მაინც რთული გადასალახია. თუმცა ჩემში შიში ვერ გააჩინეს, ამან პირიქით იმუშავა. მახსოვს, 2024 წლის დარბევების დროს, სულ იმას ვფიქრობდი, ციხეს მირჩევნია, მცემონ, საავადმყოფოში მაინც მოვხვდები-მეთქი, მაგრამ პირველი პატიმრობის მერე მივხვდი, რომ ეს შიში დავძლიე. იმიტომ, რომ სხვა რაღაცების შიში ბევრად დიდია, მაგალითად, ასეთ ქვეყანაში ცხოვრების, ამასთან შეგუების შიში. წიგნებში რომ წაგიკითხავს და იმას საკუთარ თავზე გამოცდი, შენი გადმოსახედიდან ხედავ ყველაფერს და აანალიზებ. პატიმრობამდე ,,არქიპელაგი გულაგი’’ წავიკითხე და გულდამშვიდებული ვიყავი, რას ვერ უნდა გავუძლო, ხალხი ამას გადაურჩა-მეთქი. და იქ ცხოვრება, რასაც ეს ქოციანობა გვპირდება, ჩემთვის იმდენად ღირსების შემლახველია, რომ გავჩერდე, ამას ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვერ გადავლახავ.
თან, მასწავლებელი ვარ, ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და ის ასაკიც მაქვს, როცა ზრუნვის ობიექტი აღარ ხარ, თავად უნდა იყო მზრუნველი. ნოემბერ-დეკემბრის დარბევის დროს, ბავშვები შეშფოთებულები რომ მისვამდნენ კითხვებს, სულ იმას ვეუბნებოდი, ნუ გეშინიათ, ეს თქვენი საბრძოლი არ გახდება-მეთქი. მომავალ თაობას როგორ უნდა დაუტოვო ეს ნაგავი?! მაშინ რისთვის იყო შენი თაობა საერთოდ?!
იმედი მაქვს, იმ პირობას, მათ რომ მივეცი, შევასრულებ.
სხვა შემთხვევაში, ძალიან შემრცხვება.
ასეთი დაჭერები, მე მგონია, რომ ,,ქართული ოცნებისთვის’’ ბევრად დამაზიანებელი იყო: თუ ამით პროტესტის მარგინალიზება უნდოდათ, და ვიღაცებში შეიძლება მოახერხეს კიდეც, მე ვინც მიცნობს, ან სხვა დაკავებულებს, ყველას აქვს კითხვა – რანაირად? რა შუაშია ეს ადამიანი ციხესთან? ყველას დაანახეს თავიანთი ბუნება, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ,,ქართული ოცნება’’ შედარებით ნორმალურია, ესეც აღარ დარჩა. უბრალოდ, ის გააკეთეს, რომ ვიღაცებს უფრო მეტად შეეშინდათ.
ჩემს შემთხვევაში, იმდენად დიდი მხარდაჭერა იყო და ეს შენ, როგორც პროტესტში მყოფ ადამიანს, იმხელა ძალას გაძლევს… ჩემთვის, მაგალითად, ჩემი მოსწავლეების მშობლების ზურგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მე ვეუბნებოდი, თუ თქვენთვის პრობლემას და უხერხულობას წარმოადგენს, თქვენი შვილის მასწავლებელი ციხეში რომ უნდა წავიდეს, ამას გავიგებ-მეთქი. ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ასეთი.
ერთმა მოსწავლემ, რომელიც ავღანეთიდანაა, მკითხა – არ გეშინიათო? მანამდეც გვისაუბრია იმაზე, რა მდგომარეობაა ავღანეთში. შენ რომ შენს ქვეყანაში ვერ ცხოვრობ, ეს ხომ ძალიან მძიმეა, მე არ მინდა, რომ ეს დავუშვა ჩემს ქვეყანაში-მეთქი.
და ეს თუ ციხის გავლით მოხდება, არ არის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
მე მინდა, ჩემს ქვეყანაში იმ სტანდარტებით ვიცხოვრო, რაც, მგონია, რომ საბაზისოა – ყველას უფლება, ღირსება იყოს დაცული; სამართლიანი სასამართლო გვქონდეს; პოლიცია იცავდეს თავის ფიცს. ჩემი ქვეყნიდან წასვლა არ მინდა – აქ დავიბადე, გავიზარდე, ყველაფერი ბუნებრივი და მშობლიურია; ჩემი ოჯახი, ჩემი ყველა ახლობელი აქ არის.
აქ უნდა ვიცხოვრო, ოღონდ ვიცხოვრო ღირსეულად.
ამის იმედს რა მაძლევს? საკუთავი თავი. არ მგონია, რომ ეს სიტუაცია დაუძლეველია და ერთიანობითა და მოქმედებით ვერ დავძლევთ. მთავარია, ადამიანებმა ირწმუნონ საკუთარი თავის. არ ვიცი, ამ პროტესტის სჯერათ თუ არ სჯერათ. ბევრს სჯერა, ბევრს – არა, მაგრამ რისიც გჯერა, ის გააკეთე. ხშირად ვამბობ ხოლმე: მე უკან არაფერზე დავიხევ, რამდენი დღეც არ უნდა იყოს, ვიდგები, მაგრამ ერთიანობა და ბევრი ხალხი გვჭირდება. ეს ყველას ქვეყანაა და ყველას მომავალს ეხება საქმე.
ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, სხვანაირად არ გამოდის. რომ გამოდიოდეს, ხმას არ ამოვიღებდი, მართლა არავის შევაწუხებდი.
——————————————————————–








