“ოცნებამ” ამოირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ

“მინდა დავუდგე ალექსანდრეს გვერდში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადავიდა ტერორის, ადამიანის განადგურების სრულიად ახალ ხარისხში და ამას მე შეიძლება რადგან არ ვარ ახლა საქართველოში და ცოტა უფრო სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ, სრულიად დამტკიცებით და სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა ასეა. ასე ადამიანის დანგრევა, მისი იდენტობის შეცვლა საზოგადოებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება ხელოვანისთვის, რაც კი შეიძლება მას გაუკეთო და ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს, ჰიტლერის დროს, სტალინის დროს და ეს ხდება პუტინის რუსეთში და ეს ხდება ახლა საქართველოში. […]
ფაქტობრივად, ქართულმა “ოცნებამ” ამოირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ, მათი მოღვაწეობის წინააღმდეგ საქართველოში. […] რატომღაც ამოირჩიეს ადამიანი, რომელიც არის ყველაზე წესიერი, რომელიც უვლის თავის ბებიებს და გადმოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ უყვარს იქაურობა და იცის, რომ უნდა გაუყოს თავისი ცოდნა სხვებსაც. მაშინ ასე ფიქრობდა. ახლა მგონია, რომ არასწორია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად სულერთია როგორ დამთავრდება, ალექსანდრე დარჩება საქართველოში, წამოვა, რას გააკეთებს… მას ისეთი განცდები შეხვდა ამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში, რომ ალბათ ეს არასდროს ამოვა ადამიანის ფსიქიკიდან…
ძაან აღელვებული ვარ იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, ხვდება თუ არა საზოგადოება სადამდე მივედით – რომ პრემიერმინისტრი ისე, რომ ალბათ არც იცის რას აკეთებს ალექსანდრე, რა მუსიკას წერს, ვისთან მუშაობს, აბრალებს ადამიანს ფაშიზმს. […] იქნებ ვინმემ მიაწოდოთ ამ ხალხს ინფორმაცია, ან რამდენი მუსიკოსი არის საქართველოში, რამდენი არამუსიკოსია, რომელსაც მუსიკა ესმის… ყველა მეუბნება, ჩემი მეგობრებიც, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობაო. ხალხო, როგორ არ აქვს ამას მნიშვნელობა. იმიტომ, რომ უკვე ორი წელია, ხალხს ციხეში სვამენ არაფრის გამო და ვერ ვშველით, ადამიანებს სახლში უვარდებიან და ვერ ვშველით, ადამიანებს ფსიქოლოგიურად ანგრევენ, უცვლიან იდენტობას ისე, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ… რაღაც მომენტში ხომ უნდა გავიღვიძოთ და ვთქვათ, რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო… ყველაზე ძალიან ამ ქვეყანაზე პოლიტიკა არ მიყვარს… იქნებ დაფიქრდეთ ყველანი, რა მიზეზები აქვს ამ კამპანიას ალექსანდრეს წინააღმდეგ და რა მიზანი აქვს საერთოდ. იქნებ ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გაწიოთ. ალექსანდრეს და მათ გამო კი არა, ვინც ციხეში არიან, იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ…” | ამბობს მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის დედა, თამრიკო კორძაია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
🔻 რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: “სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”. მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: “წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა”
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights