გურიის მოამბე

ვინ აანონსებს „ზედმეტი ახალგაზრდების“ ემიგრაციაში გაშვებას და რამდენად გამოუვათ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ზედმეტი ახალგაზრდები“ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ.„საქართველო ქართველების გარეშე“ – ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა. ასრულდება თუ არა რუსული ოცნება საქართველოში? -–  ამ თემაზე „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი აზა გაბუნიას საუბრობს, რომელიც შათირიშვილის პროპაგანდას ასე გამოეხმაურა ფეისბუქში – „შენი შვილები გაუშვი ემიგრაციაში!“

”ცხადია, შათირიშვილიც და ყველა ის „მოაზროვნე“, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი თუ პოლიტიკოსი, რომელიც „ქართული ოცნების“ კარზე მუშაობს, მუშაობენ რუსეთის, კრემლის და პუტინის პირად პროპაგანდისტებად, საქართველოში იმ პოლიტიკის გატარება სურთ, რაც გაატარეს რუსეთში – არ დატოვეს მოაზროვნე ადამიანი ქვეყანაში და გაქცეულია ყველა. დაცლილია რუსეთი მოაზროვნე ადამიანებისგან.

იგივე გეგმა, იგივე სცენარია საქართველოშიც. უნდათ, რომ საქართველო დატოვონ მოაზროვნე, ინტელექტუალური და ქვეყნის პატრიოტი ადამიანების გარეშე. ცხადია, მათი სამიზნე ახალგაზრდებია, ეგრეთ წოდებულები „ჯენზი“ და მათი ქვეყნიდან გაშვებაზე არიან მობილიზებულები – მათში ხედავენ ძალას, რომელიც ვერ გააჩერეს.

უნდათ, რომ ახალგაზრდებისგან, მოაზროვნე ადამიანებისგან დაცალონ ქვეყანა, ამის შემდეგ არ ეყოლებათ ველზე ადამიანი, რომელიც მათ გააკრიტიკებს, მათ პროპაგანდას წინ აღუდგება, ქუჩაში გამოვა და იქნება პროტესტში ჩართული.

ერთი ნაწილი ამ საზოგადოების ციხეებში გამოკეტეს, ნაწილი, რომელიც დარჩა ქვეყანაში, უნდათ, რომ წავიდნენ. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა მართლა დატოვა ქვეყანა.

ივანიშვილი იმასაც ამბობდა, ევროპის კარი არ უნდა გაგვეღო, რადგან ადამიანებმა კარგი ცხოვრება დაინახეს და მეტი მოუნდათო.

რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა ნახონ კარგი ცხოვრება, ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ევროპულ განათლება, მაღალი დონის სასწავლებლებში, მაგრამ ივანიშვილს განათლებული, ერუდირებული ადამიანები არ სჭირდება – განათლებული, ინტელექტუალური ადამიანი არ შეეგუება სიბნელეს, არ შეეგუება რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნას, არ შეეგუება იმ ყოფას, იმ რეჟიმს, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩვენს ქვეყანაში.

შესაბამისად, ის ყველანაირად აღუდგება იმას, რომ ადამიანებმა კარგი განათლება მიიღონ და იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით. მისი მიზანია გაანეიტრალოს საზოგადოება, რომ აღარავინ დარჩეს წინააღმდეგობაში.

შეგვიძლია ჩავიდეთ დასავლეთში, კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-თან, ევროპასთან და ასე შემდეგ. ვესაუბროთ მათ, მოვითხოვოთ მათგან მხარდაჭერა და გავაგებინოთ მთელ სამყაროს, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის ადამიანები არ უნდა დაგვტოვონ სიბოროტის პირისპირ მარტო.

საუკუნის წინ ამის საშუალება არ იყო, ვაკუუმში იყვნენ ადამიანები მოქცეული. დღეს სხვა რეალობაა. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ტყუილები მიაწოდოს თავის ამომრჩეველს, ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე? საზოგადოებამ ხომ იცის, რომ „ოცნებას“ ყველანაირი დიპლომატიური გზა ჩაკეტილი აქვთ, იზოლაციაში არიან, მათ ზურგი აქცია ყველამ. შესაბამისად, ეს არ ჩაივლის ურიგოდ.

შეიძლება რაღაც პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ დასასრული უკვე დაწყებულია. მგონია, რომ სწორედაც, „ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს საინფორმაციო ველი, მათ წინააღმდეგ მუშაობს განათლება, მათ წინააღმდეგ მუშაობს სიმართლე, რომელიც არის ქართველი ხალხის მხარეს.

ცდილობენ გატეხონ საზოგადოება, ჩააგდონ ნიჰილიზმში, უიმედობაში, რადგან ბევრი ადამიანი მართლაც გაქრა საპროტესტო აქციებიდან – მეტ-ნაკლებად იმუშავა „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ.

ბიძინა ივანიშვილს და მის პროპაგანდისტებს ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა მათია. ჰგონიათ, რომ მათ საკუთარ ფერმაში, ბაღში ან ბოსტანში ვცხოვრობთ და უნდათ, გაგვიშვებენ, უნდათ არა.

ივანიშვილს აქვს განცდა, რომ მთელი საქართველო მისი საკუთრებაა. ამიტომაც თხრიდა ხეებს და გადაჰქონდა ერთი კუთხიდან მეორეში. დენდროლოგიური პარკი ჰგონია მთელი საქართველო, მოქალაქეები კი მისი ხელქვეითები, კარისკაცები და მისი მარიონეტები.

ჩვენ ვხედავთ როგორი კორუფციაა ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, თვითონ არიან მილიონერები, მილიარდელებიც ალბათ, ამ უკანონო ფულის შოვნით და მოსახლეობას აღარიბებენ.

ამიტომ ივანიშვილი ბოლომდე შეეცდება ქვეყანაში დაამყაროს ავტოკრატია და დიქტატურა. ის შესულია ბრძოლაში, რომელშიც დასახევი გზა არ აქვს. ან დამარცხდება, ან ბოლომდე გაატარებს ამ რეჟიმს.

ალბათ კრემლის სცენარში უწერიათ ეს ნაბიჯები, რაც უნდა გააკეთონ. ის ხომ ერთი-ერთში იმეორებს ყველაფერს.

ბოლო ნაბიჯი მისთვის იქნება ის, რომ გაავსოს ციხეები პოლიტპატიმრებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებით.

გაანეიტრალოს ყველა პარტიის ლიდერი და ჩასვას ციხეში, რომ არავინ დარჩეს გარეთ, ვინც წინ წაუძღვება ადამიანთა ჯგუფს. შემდეგი ნაბიჯი შიძლება იყოს პროფესორების, ლექტორ-მასწავლებლების დაჭერა. ნინო დათაშვილი ხომ ჰყავთ ციხეში. მზია ამაღლობელიც იმიტომ ჰყავთ ციხეში, რომ ამით ამბობენ – „აი, ხმას თუ ამოიღებთ, ჩვენ წინააღმდეგ წახვალთ, ყველას დაგიჭერთ და გამოგკეტავთ“.

ძალიან ბევრი ადამიანი დატოვეს უმუშევარი, დააყადაღეს ანგარიშები, უამრავი ჯარიმები გამოწერეს… არა მგონია სიკვდილით დასჯა შემოიღონ და ამაზეც წავიდნენ, მაგრამ სხვა ყველაფერი გააკეთეს რეპრესიების სახით.

ამიტომ, გამოსავალი არის საყოველთაო ჯანყი და მე ეს არაერთხელ მითქვამს.

გამოსავალია ის, რომ ყველა გამოვიდეთ ქუჩაში და დავუპირისპირდეთ ამ რეჟიმს. სხვანაირად ისინი არ გაჩერდებიან და სხვა გზა, ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.

ჩვენ ძალიან ბევრი დრო მივეცით „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ გონს მოგებულიყვნენ, რაღაც გაეაზრებინათ და მშვიდად წასულიყვნენ. მთელი ამ 305 დღის განმავლობაში, ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას, მშვიდობიანად და წყნარად მივყვებით ამ პროცესებს, მაგრამ თუ აღარ დარჩება ამ ქვეყანაში სხვა გამოსავალი, მაშინ ზუსტად იგივენაირად ვუპასუხებთ, რა ფორმითაც ისინი გვებრძვიან.

როცა „ოცნება“ წავა, ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად და ქვეყანა აირჩევს ახალ, მრავალპარტიულ პარლამენტს.”- განაცხადა აზა გაბუნიამ “ბათუმელებთან” საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights